სახელმწიფო სასკოლო ფორმის ფასს დაარეგულირებს - განათლების მინისტრი

"თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როცა სასკოლო ფორმა არ არსებობდა", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმებზე საუბრისას "იმედის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახებისთვის სასკოლო ფორმები დამატებითი ხარჯი არ იქნება და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სპეკულაციაა.

"ოჯახებთან მიმართებით საუბარი არანაირ დამატებით ხარჯზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო დაარეგულირებს ფასს და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სასკოლო ფორმას.

თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როცა სასკოლო ფორმა არ არსებობდა. ამასთან, ფორმის შემოღება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ესთეტიკურობაც იყოს და სკოლის ასაკიდანვე გარკვეულ წესებს დამორჩილება იყოს და რაც მთავარია, თანასწორობის უზრუნველყოფა, ვინაიდან ჩაცმულობის კომპონენტი გარკვეულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს იწვევს სკოლებში. ამიტომ ეს ყველაფერი ემსახურება კეთილ მიზნებს.

საბიუჯეტო დანაზოგითაც ყველა ოჯახისთვის, ეს იქნება ბენეფიტი გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ოჯახს ეს უფრო ნაკლები დაუჯდება. ამაზე ჩვენ რეგიონებში გვაქვს ყოველკვირეული შეხვედრები. მოსახლეობის სრული მხარდაჭერაა და მიესალმებიან ამ ინიციატივას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფორმები მშობლებს იმაზე 30-50%-ით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე დღეს შვილის სასკოლო აღჭურვა ჯდება. ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს სახელმწიფო ფორმებს უფასოდ გადასცემს. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების ტარება საჯარო სკოლებში 2026-2027 წლის სასწავლო წლიდან იქნება სავალდებულო.

განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა. გამარტივებული შესყიდვის ობიექტია 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა. მიწოდება კი ორ ეტაპად უნდა მოხდეს: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, II ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. შესყიდვას ახლავს სასკოლო ფორმების დიზაინიც.