"თუ ვინმე დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია" - ირაკლი კობახიძე

როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე, ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა

 

„შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს, როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.  ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ე.წ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს თავის თავზე მეტყველებს და ამას დამატებით კომენტარი არ სჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები. 

„მარტივად რომ შევაფასოთ, ეს ყველაფერი არის საბჭოური სტილის დეზინფორმაცია და რასა იუკნევიჩიანე ვერ გათავისუფლდა კონკრეტულად მისი საბჭოთა წარსულისგან, ისევე, როგორც მისი კოლეგები ვერ გათავისუფლდნენ საბჭოთა წარსულისგან. ეს არის საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია, რასაც ავრცელებს ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ძალიან დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს ევროპული ბიუროკრატია და ამის გამოხატულებაა ის ტექსტები, რომლებზეც ახლა გვიწევს კომენტარის გაკეთება. 
საბჭოური ტიპის დეზინფორმაცია დაამტკიცა თავის დროზე ევროპარლამენტმა ძალიან დიდი უმრავლესობით. საბჭოური სტილის დეზინფორმაცია, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის მასშტაბური პრობლემა. რა თქმა უნდა, ვერ დავიყვანთ ამ პრობლემას მხოლოდ რასა იუკნევიჩიანესა და მის კონკრეტულ საბჭოურ წარსულზე. ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც დღეს არის სრულიად თვალსაჩინო ევროპულ ბიუროკრატიაში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში. 
ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბრები ამ თემაზე, მათ შორის, წინა სამიტის დროს კიდევ უფრო ვრცელი საუბარი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენს გულისტკივილს ყოველთვის ვუფიქსირებთ, მათ შორის კონკრეტულად ევროპარლამენტის პრეზიდენტს. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს წუხილს ყოველთვის ევროპელ პოლიტიკოსებს, თუმცა ვხედავთ, რომ საერთო ფონი არის ძალიან  დამძიმებული ევროპაში, ევროპულ ბიუროკრატიაში. ასეთ ფონზე, ისინი პირდაპირ ესხმიან თავს თავისუფალ მედიას, არვცელებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაცია. ეს არის საერთო ფონი და ამ საერთო ფონის პირობებში ცალკეულ საუბრებს ვერ ექნება დიდი ეფექტი“, -  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი.

 

„პოლიტიკაში ადამიანს არ შეიძლება გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც თუნდაც ის მტრულად გექცევა. შენ უნდა იყო ორიენტირებული შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესების დაცვაზე. უნდა იყო მაქსიმალურად პრაგმატული და დიპლომატიური. ამის გამოხატულებაა ჩვენი განწყობა, ჩვენი დამოკიდებულება, მათ შორის, რაც ფიქსირდება შესაბამის შეხვედრებზე. ყველას უნდა ელაპარაკო - ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი, რომ მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო. გუშინ იქ იყო წარმოდგენილი 50-მდე ლიდერი და ნახევარზე მეტთან მქონდა გასაუბრება, ამ შეხვედრის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია გარედან იმართება და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. 

 

„რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში არის რთული მდგომარეობა, ამ რთული მდგომარეობის მიზეზი არის სხვადასხვა, პირველ რიგში, ეს არის მათი წარსული, მათი აწმყო და ეს არის, რაც მთავარია ის, რომ ისინი გარედან იმართებიან შესაბამისად, რასაც დაავალებენ ხოლმე იმას აკეთებენ, ისეთ რაღაცებს კი აკეთებენ, რაც სუბიექტურადაც არ შედის მათ ინტერესებში, ამიტომ ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან. ამ ყველაფრით ისინი ხელს უწყობენ ჩვენს შემდგომ გაძლიერებას, ეს არის საერთო სურათი, შესაბამისად, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ვინმე დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია.

 

„როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება. რაც შეეხება EPC-ის ჩატარებას სომხეთში, ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთი მივულოცავ სომხეთს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო გუშინ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.