სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, ევროპის ისტორიაში ეს იყო ახალი ეპოქის ერთგვარი ათვლის წერტილი, როცა ჰუმანიზმი იქცა განმსაზღვრელ პრინციპად, იმედია, ეს კვლავ დაბრუნდება - ირაკლი კობახიძე

სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად.

„მანამდე უამრავი რთული ისტორიული პროცესები გამოიარა ევროპამ და სწორედ 40-იანი წლების ბოლოდან ევროპაში ჰუმანიზმი იქცა მთავარ განმსაზღვრელ პრინციპად. 60 წლის განმავლობაში ეს პრინციპები მყარად ედო საფუძვლად ევროპის განვითარებას. ბოლოდროინდელი ტენდენციები არის სამწუხარო, თუმცა უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ტენდენციები შემოტრიალდება, კვლავაც დაადგება ევროპა კეთილდღეობის ზრდას, იდენტობის დაცვის გზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. ევროპა ჩვენთვის იყო ყოველთვის განსაკუთრებული ღირებულება, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ევროპაში ხედავდა საქართველო ტრადიციულად ქრისტიანული ღირებულებების დაცვის გარანტიას. იმედია, რომ ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანის წლების შემდეგ, კვლავაც დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში და კვლავაც გახდება განმსაზღვრელი ევროპული დღის წესრიგისთვის და ევროპის განვითარებისთვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.