"ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ" - პრემიერი

პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტში ანგარიშის ზეპირი მოსმენა ივნისის ბოლოს შედგება. 

 

„ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის საკითხები, სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა განათლება და ა.შ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას. ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც პირადად წარვსდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა. ველოდებით საინტერესო დისკუსიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან საინტერესო საუბარი ჰქონდა. 

 

„საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო, სწორედ, მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი.

 

„მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული,“- აღნიშნა პრემიერმა.


„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ, იმდენად არასერიოზულია ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება მგონი არასწორია. სამწუხაროა, დასანანია, თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

 

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციაში არის პერსონალური დაპირისპირებები, რაც ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგია. 

 

„ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული ყველა თვალსაზრისით. იცით, რომ მათ არ აქვთ ხალხის ნდობა. ინსტიტუციურად ისინი არიან აბსოლუტურად დასუსტებულები, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური. არის პერსონალური დაპირისპირებები, ჩვენ ამას შორიდან ვადევნებთ თვალყურს. ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ეს პროცესები არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად განსაკუთრებული გულისყურით წარვადგენთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გერმანული ხელისუფლების ეს ნაბიჯები არის არასერიოზული, ისეთივე არასერიოზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ოფიციალური მონაცემების არგანახლების საკითხს ეხებოდა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.

„თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აღწევს.

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია,“- აღნიშნა პრემიერმა.