ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება, ევროპარლამენტის კრიტიკა და სუვერენიტეტის საკითხი

ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობისა მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას, უცხოური აგენტურას და რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის.

 

„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე და ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ. რაც საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში და არც ევროპარლამენტში.

„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო. 
არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია, არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და ასეთია 3.5 მლნ ადამიანი დაახლოებით საქართველოში. საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა.

 

„ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან ჩვენს ქვეყანაში გააღვივოს სიძულვილი და აგრესია. ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო. სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები. 

„აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით, სიმბოლური კუთხით, ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. 
ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ, რა მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობისა მეთაურის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა.

 

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. რუსეთის ფედერაცია და კიდევ ოთხი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად, ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. . საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით და სულისკვეთებით, ასევე იმ საბჭოური მიდგომებით, რომლითაც ისინი მუშაობენ. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 
მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო გრანტების შესახებ კანონი, რის შემდეგაც დამშვიდდა ქვეყანა.

„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მე-6 მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მათზე დამოკიდებული. 

„მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის ისეთ მოთხოვნები, რასაც ისინი ითხოვენ საქართველოსგან და რაც მიუღებელია. 

„რომ ავიღოთ შეკრებები და მანიფესტაციები. 1 წლის და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი, ტროტუარზე, ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ,  მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ 150 კაცით დისკომფორტი შეექმნათ თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს. გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება, რომ 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებელი „ნაცები“ ხელისუფლებაში. 

 

„იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით ერთი თვის წინ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, მოძალადეები გამოუშვითო, მოძალადეებს რაც შეეხება, 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული, აქაც უნდათ, რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მათ რომ ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. 2004-2012 წლებში ევროპარლამენტი „აპრავებდა“ ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ. ადამიანის უფლებები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთადერთი, რაც დღეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს მწამებლები „ნაცები“ ხელისუფლებაში. მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი. 

 

ევროპარლამენტის საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა, საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.