ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპის წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აშშ-თან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები მთლიანად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ესაა ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.
