ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფა არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, გარე დაკვეთა, რომ შეარყიონ ეროვნული იდენტობა - პრემიერი

რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, ეს არის გარე დაკვეთა, რათა შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამას აკეთებს უცხოური აგენტურა.

„ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების, წმინდანების შეურაცხყოფას. ესეც არის გარე დაკვეთა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ გარედან თავს მოხვეულ სიძულვილზე, ესეც არის ამის გაგრძელება. ამ ადამიანების, ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი წმინდა, ქვეყანას არ ჰქონდეს იდენტობის საყრდენი. ისტორიული, საზოგადო მოღვაწეები არიან ნებისმიერი ერის იდენტობის საყრდენი. სწორედ იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, ისინი თავს ესხმიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ ფიგურირებს. სწორედ ამას აკეთებდა ლევან ბერძენიშვილი და ახლა პატარა ლევან ბერძენიშვილები გამოჰყავთ და აკეთებენ განცხადებებს. ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ისევე, როგორც საჭიროა დაპირისპირება სიძულვილის მიმართ, საჭიროა ასევე დაპირისპირება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ორგანიზებულად ხორციელდება საქართველოში გარე დაკვეთით. ამას აკეთებს უცხოური აგენტურა. მათი მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ჩვენ ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა პრემიერმა.