გარეჯის საზღვარი, ოპოზიცია, გერმანიის პოლიტიკური ვითარება და კორუფცია - კობახიძის მთავარი გზავნილები

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, რომ დაიძრას აღნიშნული პროცესი და მიღწეულ იქნას პროგრესი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა გასული წლების განმავლობაში არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა და, შესაბამისად, არავითარი შეთანხმება არ ყოფილა დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით.

„ეს იყო მარტივი ტყუილი და სპეკულაცია. განსაკუთრებული კომენტარების გაკეთება არც ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. მე, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი ცვლილება ამ წლების განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არ განხორციელებულა. არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ დავძრათ ეს პროცესი, მივაღწიოთ პროგრესს და პროგრესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მიღწეული ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ხაზს გავუსვამ იმას, რომ არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი ამ გასული წლების განმავლობაში დემარკაცია - დელიმიტაციის კუთხით. დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა. 
რაც შეეხება ზოგადად დემარკაცია-დელიმიტაციას, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთს, არავითარი არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა,“- აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის საუბრობდა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, თუმცა მსგავსი ხელშეკრულება საიდუმლოდ ვერ ფორმდება.

 

„მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, მთავრობის ყველა აქტი არის ღია და გამჭვირვალე. ვერც ერთი ასეთი შეთანხმება საიდუმლოდ ვერ გაფორმდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივი ტყუილი გაავრცელებინეს ამ კაცს, არის ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით არის მისი ოჯახის წევრის ჩვენება და ა.შ. ადამიანზეა საუბარი, რომელიც ბინაში იყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. კაცი გარდაცვლილია და უნდა ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური ამ  ყველაფერზე საუბარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, აქამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა კი უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ.

„მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ. ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც ფორმალურად აქამდე ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა,“- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძეს, პრემიერის თქმით, გარდაცვლილი ადამიანის მეშვეობით გავრცელდა ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფვრადია.

 

„ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ რაიმე სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას.

 

ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას ამის უკან. ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად, კონკრეტული მედიასაშუალებაა. ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ზაზა შათირიშვილის წერილზე, სადაც ფილოსოფოსი წერს, რომ გერმანიაში სახელისუფლებო ძალები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თავს ესხმიან, ასევე საუბრობენ ამ პარტიის აკრძალვაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ AfD-ის რეიტინგი წლიდან წლამდე იზრდება და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე საკმაოდ მაღალი რისკი ექმნება არსებულ მმართველ კოალიციას.

 

„ამასთან ერთად ყველამ ვიცით, რა არის იმ პროცესების მთავარი მიზეზი, რაც განვითარდა პირველ რიგში უკრაინაში. მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება. „დიპ სტეიტის“ მთავარი მიზანი არის ევროპის დასუსტება და ეს არის პრაქტიკული შედეგიც იმისა, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვტკივა გული ევროპაზე, ევროკავშირზე და შესაბამისად ძალიან გვაწუხებს ის პროცესები, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპაში. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ტრადიციულად ევროპული კულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ძლიერი ევროპა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, გერმანიის მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები.

 

„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის. ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე. დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით  გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა  გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას. 

 

„მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმისათვის, რომ აღმოგვეფხვრა პრობლემები, რომელიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან. წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს იმისათვის, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე. ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები და წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა. ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება, პირდაპირი მინიშნება პარტიის ყრილობაზე. ჩვენ ეს მივიღეთ როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი გავატარეთ ბოლომდე. წელიწადში და 5 თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის გაწმენდა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი. 

 

პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როდესაც უშუალოდ მართავ სისტემას, გაქვს სხვა რესურსი. იმ პირობებშიც კი, როდესაც მეკავა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა, წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან. მე ხაზს ვუსვამ იმას, თუ ვინ იყო მთავარი მინიშნების ავტორი. პარტიის ყრილობაზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან გააკეთა ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება, რაც უკავშირდებოდა კორუფციას, ამის შემდეგ ერთ თვეში მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გუნდმა მოახერხა, სისტემა პრინციპულად გაეთავისუფლებინა იმ პრობლემებისგან, რომლებიც იყო დაგროვილი, თუმცა არათუ პარლამენტიდან, არამედ მთავრობის მეთაურის პოზიციიდანაც კი წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა პრინციპული პრობლემებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.