ეკონომიკური ზრდა, სავალუტო რეზერვები და განათლების რეფორმა - რაზე ისაუბრა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე


მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. 

„გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოჯისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ  ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნის სავალუტო რეზერვები, წინა წელთან შედარებით, 56.4 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 613 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

„ასევე, გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც, რომელსაც ზომავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, განისაზღვრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით. ადეკვატურობის 100 %-იან ზღვარს ვაჭარბებთ და ადეკვატურობის მაჩვენებელი შეადგენს 128.2 %-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სფეროში გვაქვს ძალიან გამართული მონაცემები და პოლიტიკა. არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს და იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამისთვის ეროვნულ ბანკს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
                         
„ამ კუთხით, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს, როდესაც ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე, შესაბამისად ამით გაიზარდა ჩვენი საერთო რეზერვების მოცულობა. მთლიანობაში, მიმდინარე წელსაც 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა. ოქროს წილი ჩვენს საერთო რეზერვებში შეადგენს 14 %-ზე მეტს. კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს მადლობა ეფექტიანი მუშაობისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

 

„გამოქვეყნდა PISA-ს კვლევის შედეგები, განათლების სფეროში. გამოკვლევით კიდევ ერთხელ შეფასდა სასკოლო ასაკის ბავშვების შეფასების დონე და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გაიუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის საქართველომ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას. ასევე  შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, ესეც არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ამ კუთხით, გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. ასევე შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, ანუ,  თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხითაც ეს მაჩვენებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კვლევის შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.

 

„ასევე, კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს, სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საშუალოს უტოლდება ან საშუალოზე უკეთესია.

 

ამ შედეგებითაც ვერ ვიქნებით ჩვენ კმაყოფილები და მიუხედავად გაუმჯობესების სერიოზული ტენდენციისა, გვაქვს ხარვეზები, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და სწორედ ამას ეძღვნება ჩვენი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც როგორც უმაღლესი განათლების, ასევე, ზოგადი განათლების დონეზე, წარვადგინეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენი რეფორმის გეგმების სათანადო განხორციელება უზრუნველყოფს ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაწყებულია სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა და ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან სკოლის მოსწავლეები.

 

„უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად. ასევე 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი. საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში იხსნება სტემ კლუბი. ჯამურად სტემ კლუბები იქნება 500 სკოლაში წარმოდგენილი. ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამა. არსებულ 140 სკოლას დაემატება 100 სკოლა ამ თვალსაზრისით და ეს სწავლება განახლებული თანამედოვე რესურსებით განხორციელდება. ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები - ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა წარმატებები უსურვა ყველა პირველკლასელსა და პირველკურსელს.

„აგვისტოში გამოქვეყნდა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები. საგამოცდო პროცესში მონაწილე 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 34 150-მა  აბიტურიენტმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წელი რეფორმის დაანონსებიდან და შესაბამისად, ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვის თაობაზე. იყვნენ სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი ან უმაღლესი საუნივერსიტეტო სასწავლებლებისთვის, ან პროფესიული განათლების სფეროში, თუმცა ვერ მოხვდნენ შესაბამის პროგრამებზე. ჩვენ ასეთი აბიტურიენტებისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება მეორადი ჩარიცხვის თაობაზე, რაც დაახლოებით 3 000-სტუდენტს მისცემს დამატებით მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუნდეტს, მოსწავლეს. განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.