საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გეკა გელაძე აცხადებს, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებს, მაგრამ არ აკონკრეტებს, სად.
"პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს", - დაწერა მან სოციალურ ქსელში, რომლითაც საზოგადოებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ამცნო.
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე სულ 5 თვე იმუშავა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.
მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას", - აცხადებს გეკა გელაძე.
გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურში და შემოსავლების სამსახურში, სადაც გაზიარებული იქნა ფინანსთა მინისტრის პოზიცია.
„არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს მისი საქმეა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის არის გამორჩეული პროფესიონალი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, რაც შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
