"ოპოზიციას წარმატების რესურსი არ აქვს" - კობახიძე ოპოზიციაზე, კორუფციაზე, უცხოურ გავლენასა და სანქციებზე

არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია.

„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

 

„გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სეროზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა განცხადებების გაკეთება სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილისგან და აღნიშნა, რომ ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება. 

 

„ილაპარაკოს რაც უნდა, ეს არის ნებისმიერი პატიმრის უფლება. საქართველოში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ყველა პატიმარს აქვს საუბრის უფლება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, შეგიძლიათ, თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდოთ. იცით, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკებს არასდროს არ მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე, იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და მისი წესები. მათ შორის ღარიბაშვილს ვგულისხმობთ, წარსულშიც გახსოვთ, არაერთი, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყოფილი წარმომადგენელი, რომელსაც რაღაცების ლაპარაკი დაუწყია, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ასეთ საუბრებს, სპეკულაციებს არასდროს არ აქვს ხოლმე რაიმე შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს, ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია.

„დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს. 
პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე - აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ 1 კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა,“- აღნიშნა პრემიერმა.


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება.

 

„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა, დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით არ განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

 

ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. 

 

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დანარჩენზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემთვის ადამიანურადაც სამწუხაროა, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც გუნდისთვის არის დისკომფორტი, რომ იყო გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აღმოჩნდა გახვეული ასეთ ქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ადამიანურადაც მძიმეა, სამწუხაროა, თუმცა კანონი უნდა აღსრულდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად.

 

„ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასლვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. 

 

„თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავს. 

 

„დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო - კორუფცია არის ძალიან ცუდი  და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავრობის მეთაურის თქმით, გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება.

 

 

„ენჯეო არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. ენჯეო, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. ენჯეოს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს ენჯეოები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ ენჯეოები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და ენჯეოებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ ენჯეოები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი ქვეყანას აქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

„ეს რაოდენობა თუ თქვა მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ საერთოდ ამ ქვეყნად არ არის ეს ადამიანი. არ შეიძლება, ამ დონეზე დაამახინჯო სტატისტიკა, თუ ასეა ნათქვამი, მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება. 
რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში გვაქვს გაზრდილი სტატისტიკა, გაუმჯობესებული სტატისტიკა. 
რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, ყველაზე მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არის არსებითად შემცირებული. მათ შორის, განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება აბსოლუტურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავს, რომ არის გაუმჯობესება არამარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ მათ შორის, 2012 წლიდან დღემდე. ქალბატონი ფილფანი მოგეხსენებათ, არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით,“- აღნიშნა პრემიერმა.