"ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს" - პრემიერის განცხადებები ოკუპაციაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, NGO-ებზე და საინვესტიციო პროექტებზე

თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად აგენტურის ბუნებასა და მათ განწყობაზე ქვეყნის მიმართ.

„ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს ზუსტად მათ ბუნებასა და მათ განწყობაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. არც ერთ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი. თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაცია არის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა სათანადო პოლიტიკისა შენარჩუნება.

 

„ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში. ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა ძალიან მკაფიოდ, სათანადო პოლიტიკისა და წითელი ხაზების შენარჩუნება. ამას ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. 

 

„რაც შეეხება კამპანიას, მათ შორის წინა ამერიკული ადმინისტრაციის კამპანიას, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო ცალსახად ორმაგი სტანდარტი, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაზეც ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ. როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი, აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი. ახლა ამერიკული ახალი ადმინსიტრაცია, თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ახერხებს ქვეყანა შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი.

 

„მთლიანობაში რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული. ზოგადად, რეგიონში არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა, თუმცა ამ ფონზეც ვახერხებთ შარშანდელი მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც კი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად  აღმოფხვრა და კორუფციის სრულად  აღმოფხვრა ეხმარება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს ქმედებებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.

„პირველ რიგში, მიხარია, რომ თბილისს კიდევ ერთი ულამაზესი პარკი შეემატა, რომელიც უმაღლესი ხარისხით არის მოწყობილი - როგორც ეს სჩვევია თბილისის მერიას და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება თბილისელებისთვის, შესაბამისი უბნის მცხოვრებლებისთვის. აქაც ხედავთ, რომ უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება,  წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის მორიგი გამოხატულება. მათ სცადეს, რაღაც დისონანსი შემოეტანათ, თუმცა რა თქმა უნდა, ასეთ ღონისძიებებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნამახვან ჰესის“ გარშემო კამპანიაში ჩართული იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია.

 

„ყველა ინვესტიციის მიმართ ზოგადად აწარმოებენ ასეთი ტიპის კამპანიებს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ზოგადად ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. მთელი ჩვენი გენერაცია არის 4800 მგვტ და გვინდა 10-წლიან პერსპექტივაში ეს გენერაცია გაიზარდოს 11 500 მგვტ-მდე, რაც ნიშნავს მრავალი ჰესის მშენებლობას, ქარის სადგურის და მზის სადგურის მშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ პროექტთან დაკავშირებით იქნება ასეთი მცდელობები. როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ  წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს. 

 

იყო მთელი კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ მთელი ენჯეოები, მათ შორის საია EMC, კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც ჩართეს ამ ღონისძიებებში, თუმცა მთლიანად კამპანია იყო ორკესტრირებული და მათ შორის ეს კამპანია იყო უცხოეთიდან გრანტებით დაფინანსებული და უცხოური აგენტურა იყო პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. თუმცა ერთი მხარე არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ იყო უფრო მეტად ძლიერი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც შედარებით სუსტი იყო ობიექტური მიზეზების გამო. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც უზრუნველყო აგენტურის დასუსტება, სახელმწიფოს გაძლიერება და ამ პირობებში სამომავლოდ შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პოზიცია ძალაში რჩება. 

„შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები მიმართავენ შესაბამის უწყებებს საკუთარი განცხადებებით. ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში. როდესაც, ამ რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი რეალური მიზანი. მათი ერთადერთი მიზანია რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება. ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმდენად მკაფიო კრიტერიუმი  არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს.

 

„2020 წელს განახლდა სიები, გაფართოვდა შემწეობის მიმღებთა სია. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ იყო კოვიდი და კოვიდმა გამოიწვია სოციალური ფონის დამძიმება და 2020 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული ერთგვარი მორატორიუმი, მათ შორის, ხან საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების გაღიზიანებას ერიდებოდნენ და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. იმდენად მკაფიო კრიტერიუმი  არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს. ჩვენ მივიღეთ თამამი, გაბედული გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამ სიების გადახედვა, რაც არის მტკივნეული პროცესი. შეიძლება ვიღაც, რაღაც ეტაპზე ერიდებოდა ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო. ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომლებთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

„საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის და ჩემს განცხადებაზე. ორივე ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს. 
მინდა მოგახსენოთ, რომ თავის დროზე, ეს NGO-ები იყვნენ წინა ხელისუფლების ანტურაჟი. 2012 წლის შემდეგ მათ რადიკალურად შეცვალეს საკუთარი განწყობები და დამოკიდებულებები იმიტომ, რომ აგენტურამ მიიღო უკვე ახალი დავალება. ზოგადად, NGO არის ხელოვნურად მოგონილი ფენომენი და NGO-ს მიზანი არის ერთი ქვეყნის ინტერვენცია მეორე ქვეყანაში, საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება. 
თვითონ NGO არის  ასეთი ფენომენი და NGO არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ინტერვენციისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ვინც კი მუშაობდა NGO-ში, ყველა იყო აგენტი. უფრო მეტიც, ხელმოწერილი აგენტი მათ შორის, შეიძლება იყოს მაქსიმუმ რამდენიმე ათეული, შემიძლია მკაფიოდ გითხრათ. ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოხატა ხელისუფლებამ და რომელიც ძალაშია.

 

„სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოვხატეთ და რომელიც ძალაშია“, - განაცხადა პრემიერმა.