რა შეიცვლება რკინიგზაში, როგორია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და რა პოზიცია აქვს მთავრობას აშშ-სთან ურთიერთობებზე — კობახიძის განცხადებები

დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება -  მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს! მიხარია, რომ გრძელდება ჩვენი ტრადიცია და დღესაც ერთად აღვნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ, გამორჩეულ დღეს.
საქართველოს რკინიგზის ისტორია ითვლის 154 წელიწადს. 1872 წლიდან იწყება ეს ისტორია, როდესაც ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა. მას შემდეგ, საუკუნე-ნახევარზე მეტია, რკინიგზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიად რჩება.
დღეს, როდესაც იცვლება სატრანსპორტო მარშრუტები და იზრდება შუა დერეფნის მიმართ ინტერესი, რკინიგზის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოდერნიზებული, თანამედროვე და გამართული სარკინიგზო სისტემა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს საკუთარი როლი სატრანზიტო მიმართულებით. 
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.  მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტებთან, ავტომაგისტრალებთან და აეროპორტებთან ერთად, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი არის რკინიგზის განახლება და გაძლიერება. 
გასული წლის ბოლოს დასრულდა საქართველოს ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის ისტორიული მოდერნიზაცია, რომლის შედეგადაც გაორმაგდა გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა გადაზიდვის დრო. ასევე ჩვენ დავასრულეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის ამ მონაკვეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ოპერირება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება  თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.

 

„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 154 წლის განმავლობაში რკინიგზელების არაერთი თაობა ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

 

„მინდა, დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ რკინიგზელს, რკინიგზელებს, რომლებიც ყოველდღიურად, ხშირად ძალიან რთულ პირობებში უზრუნველყოფენ რკინიგზის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გაიზრდება 20 პროცენტით. ბატონ ლაშას, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის, ძვირფას რკინიგზელებს კიდევ ერთხელ მივმართავ, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისთვის, თქვენი ღვაწლისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ და მინდა, მოგილოცოთ რკინიგზელის დღე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამშენებლო ტენდერი მიმდინარე თვის  ბოლომდე გამოცხადდება.

„როდესაც წარვადგინეთ ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად, დეტალური პრეზენტაცია მივუძღვენი ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს.  საუბარი იყო არსებითად გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ პრეზენტაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო საქართველოს რკინიგზა. ეს არც არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზაში გამორჩეულად ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში. გასული წლის მაისში დაინიშნა ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად და მას შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ბევრი რამ საქართველოს რკინიგზაში. მთლიანად გადაიხედა კომპანიის მართვის კომერციული და საოპერაციო პროცესები. შემცირდა არაეფექტიანი ხარჯები, გაუმჯობესდა რესურსების მართვა და განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად  190 მილიონი ლარი დაიზოგა. ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა, რაც თავისთავად ყველაფერზე  მეტყველებს. ბუნებრივია, ეს დაზოგილი თანხები მთლიანად მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს რკინიგზის განვითარებას“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაგეგმილია 50 ახალი ელექტრო-ლოკომოტივის შეძენა. 

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში პირველად მოხდება ის, რომ ჩვენ შევიძენთ ელექტრო-ლოკომოტივებს. ასევე დაგეგმილია 10 თანამედროვე სამგზავრო მატარებლის შეძენა და მთლიანობაში,  2 000 სატვირთო ვაგონის შეძენას ვგეგმავთ. უკვე შეძენილია 200 ვაგონი, რომლის მაგალითს აქვე ვხედავთ. მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 200 სატვირთო ვაგონი ჩამოვა საქართველოში. როცა ოპტიმიზაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგონები უშუალოდ მწარმოებელი ქარხსნისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ. ეს იყო ბატონი ლაშას უშუალო ინიციატივა და სერიოზული მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს. ჩვენ შუამავლების გარეშე შევიძინეთ ეს ვაგონები, რამაც დაახლოებით 22%-ით შეამცირა შესაბამისი დანახარჯი. მთლიანობაში დანაზოგი 400 ვაგონზე იქნება დაახლოებით 6 მლნ დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში ჩაბრუნდება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით.

 

„ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით,  „საქართველოს ფოსტა“, წლების განმავლობაში, იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, რადიკალურად შეიცვალა პროცესები.

„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“, წლების განმავლობაში იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი ერაძე დაინიშნა ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“. ამან ფოსტას მოუტანა დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. შესაბამისად, წელს პირველად გადის საქართველოს ფოსტა მოგებაზე. გასული წელი დაიხურა, წარმოიდგინეთ, 7 მლნ-იანი წაგებით. წელს „საქართველოს ფოსტა“ კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა დროებითი ზომების მიღებას, მათ შორის, მაგალითად აქციზის განაკვეთის შემცირებას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება.

„ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. დაველოდებით მოვლენების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კარგი მონაცემები, წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, არის 7,6%, რაც არის შარშანდელ მაჩვენებელზე უფრო მაღალიც.

 

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად ეკონომიკის სფეროში გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემცირებას აქვს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი - გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული შარშანდელ ბიუჯეტში, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული.

 

„ამ შემცირებას აქვს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი - გარკვეული სპეციფიკური ხარჯი იყო გათვალისწინებული შარშანდელ ბიუჯეტში, რაც წელს აღარ არის გათვალისწინებული. მუდმივად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ასეც გაგრძელდება - თავდაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ბუნებრივია, ინვესტიციები არის საჭირო თავდაცვის მიმართულებით და მაქსიმალური ზრუნვა იქნება გამოხატული თავდაცვის მიმართ, ჯარის მიმართ მომავალშიც.  შემცირებას სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა, იყო კონკრეტული შესყიდვა, რომელიც განხორციელდა შარშან, დასრულდა და შესაბამისად, აქ არის ფორმალური დანაკლისი, ზოგადად ხარჯები არის გაზრდილი“, - განაცხადა პრემიერმა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.

„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და 5 თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში“. 1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გავათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითვას, თუ რატომ რჩება შეერთებული შტატების სანქციების სიაში ბიძინა ივანიშვილი. 

„თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. 
ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის ეს საკითხი საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან.

„საერთოდ არ იყო საუბარი ამერიკულ საქნციებზე, ის საუბრობდა დე ფაქტო სანქციაზე. იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ჯერ კიდევ ძალაშია, თქვენ იცით რა ხდებოდა, 2008 წელს დაიწყო სხვათაშორის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების ძარცვა შვეიცარულ ბანკში და ეს პროცესი გააქტიურდა 2022 წლიდან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედებს ერთგვარი დე ფაქტო სანქცია, აქ არ იყო საუბარი ფორმალურ სანქციებზე, რაც თავის დროზე დაწესდა ამერიკული მხრიდან, იმ პირობებში, როდესაც ფინანსური შანტაჟი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მისთვის რა თქმა უნდა არაკომფორტულია სხვადასხვა საკითხზე საუბარი ამერიკის ელჩთან თუ სხვა წარმომადგენელთან. ეს სრულიად სხვა რამეა. რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ არის ბიძინა ივანიშვილისთვის საინტერესო, შესაბამისად არც ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს ყველას, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. 
წინა ადმინისტრაციის აბსურდი იყო, რაც მათ განაცხადეს. ჩვენთვის არ არის საინტერესო, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის პირველ რიგში საინტერესო და შესაბამისად, ჩვენთვისაც არ არის საინტერესო. სტრატეგიული პარტნიორობა თუ აღდგება, ეს იქნება ყველაფრის ნიშანი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დაიდოს ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით. 

 

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილება ინვესტიციების განხორციელების სამი შესაძლო მოდელი - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე სრულად კერძო ინვესტიციით, ასევე განიხილება შერეული ფორმატიც.

 

„ჩამოსაყალიბებელია საბოლოო პოზიცია, მათ შორის, ჩამოსაყალიბებელია პოზიცია პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, სამივე შესაძლო მოდელი განიხილება ამ ეტაპზე - როგორც მთლიანად სახელმწიფო რესურსით განხორციელება, ისე მთლიანად კერძო ინვესტიციით განხორციელება, ასევე შერეული ფორმატით განხორციელება. კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდებით ამაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, მშენებლობის დაწყება უშუალოდ დაგეგმილია მომავალი წლის დეკემბრიდან, შესაბამისად მომავალ წელს ხარჯები ასე თუ ისე არ იქნება გაწეული უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე, მხოლოდ დეკემბერში იქნება პირველადი, ხარჯები გათვალისწინებული, დანარჩენი გაგრძელდება პროცესები, მომავალი წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა.

 

სრულად გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდება ტენდერი და ვინც შემოგვთავაზებს საუკეთესო პირობებს, ის მხარე იქნება გამარჯვებული. ჩვენ მივესალმებით მაქსიმალურად ფართო ინტერესს, იმიტომ რომ ფართო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მიიღებს მაქსიმალურ მოგებას ამ პროექტიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება ამ მიმართულებით. პრემიერის განცხადებით,  ტრეფიკინგთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

 

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით არის ერთ-ერთი მოწინავე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც აღინიშნა ამერიკულ ანგარიშში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს აქვს სათანადო აღიარება. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტრეფიკინგთან ბრძოლა და მომავალშიც ძალისხმევას არ მოვაკლებთ ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც შეხვედრები იმართება   ევროკავშირიდან აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებთან, ისინი აცხადებენ, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ევროპარლამენტს.

 

„ევროპარლამენტი არ არის საინტერესო. ჩვენ როცა ვხვდებით ხოლმე აღმასრულებელ შტოს წარმომადგენლებს ევროკავშირიდან, ისინი გვეუბნებიან ხოლმე, რომ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს. პირდაპირ გვეუბნებიან ხოლმე ამას შეხვედრებზე. საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობასტან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა გაეროში ვიზიტის ფარლგებში როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრებისას, ასევე, მარკო რუბიოსთან.

 

 

„აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მშვიდად ვუყურებთ მოვლენებს, როგორც ვუყურებდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, მათი მხრიდან წამოსულ თავდასხმებს. დღესაც მშვიდად ვუყურებთ პროცესებს, მადლობა ღმერთს, ეს თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. დანარჩენი არის დამოკიდებული აშშ-ის ადმინისტრაციაზე.

 

სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე, ბატონ რუბიოსთან ხანმოკლე გასაუბრების დროს. მთავარი საკითხი, რაც ვახსენე, სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. ზოგადი პასუხი შემიძლია გითხრათ, დეტალებს ვერ მოვყვები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ღია კომუნიკაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ მუდმივი ბრძოლაა საჭირო.

 

„დაახლოებით 2-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეულმა პრობლემებმა სისტემურად იჩინა თავი. როგორც კი გამოვლინდა ასეთი პრობლემები, სისტემური სახით, მაშინვე ჩავერიეთ, გაკეთდა განაცხადი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მკაფიო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხედავდა გარკვეულ პრობლემებს, რასაც სჭირდებოდა დაძლევა, მოგვარება და ჩვენ მყისიერად დავიწყეთ ამაზე მუშაობა. როდესაც ქვეყნის გარედან მძიმე ზეწოლაა, რთულია, რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად კონცენტრირება. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები არა ბრძოლით, არამედ თავდაცვით, იმ თავდასხმების მიმართ, რაც ხორციელდებოდა გარედან, რომ ყველაფერზე კონცენტრირება იყო რთული. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებულები როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ისე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე. კორუფცია არის პრინციპულად აღმოფხვრილი არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, არამედ, წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სახელმწიფო საწარმოებში, რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, ნებისმიერ ქვეყანაში აქ მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია.

„ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე, რომ განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, თუმცა როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება, ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი. ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოგვაგოგებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონია, რომ უზენაესი საბჭო ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში და ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, ასეთი დოკუმენტები. ქართული საზოგადოებისთვის ეს საერთოდ აღარ არის საინტერესო“, -  განაცხადა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, იქნება შესაბამისი რეაგირება. 

 

„მე მასაც მოვუწოდებ, აღიაროს საკუთარი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, ის დატოვებს საპატიმროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, მათ შორის ზოდელავამ, ბურჭულაძემ, სხვებმა ჩაიდინეს უმძიმესი დანაშაული, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, ასეთ პირობებშიც ჩვენ მზად ვართ, გადავგდათ შესაბამისი ნაბიჯი. მიხარია, რომ დაანონსდა მისი მხრიდან აღიარება და თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

პრემიერი ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მამამისის ციხეში ყოფნა ახლა უფრო ფასეულია და აღნიშნა, რომ ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ. 

 

„არ ვიცი, ეგეთი შვილი ძალიან მძიმე რამეა. სხვა კომენტარი რა გავაკეთო, არც კი ვიცი. თავის დროზე ჩახუნაშვილის შვილმა გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა ბურჭულაძის შვილმა. ეს არის პავლიკა მოროზოვისეული დამოკიდებულება მშობლის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.