საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
„COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს დიპლომატიურ ძალისხმევას რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით“, - აღნიშნავს პრემიერი.
