ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ. ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი. ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი და ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას“. ბოლო არჩევნებში ჩვენ ხმა ამომრჩეველთა 54%-მა მოგვცა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა კომისიამ.
„საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და მიერთების მოლაპარაკების საკითხს შემდეგ ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია.
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია და ამის გათვალისწინებით ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი ამ საპარლამენტო არჩევნებში იყო - ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.
„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.
„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს თავისი ღირებულებები, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან, სუვერენიტეტი, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა.
„ჩვენ ვართ მზად, ვილაპარაკოთ ყველა საკითხზე. მოდით, დავიწყოთ საუბარი, თუ ისინი მოგვაწვდიან არგუმენტებს კანონებზე, სხვა ქმედებებზე, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილების სროლის მხარდაჭერა კარგი იყო, რომელსაც საფრანგეთში აკრიტიკებენ?“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა განსხვავებული მიდგომა.
„70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები, მე ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ ხდებოდა - მოსკოვი რასაც იტყოდა, საქართველოს უნდა შეესრულებინა. ეს არ იყო შესაბამისი მიდგომა დემოკრატიულ საზოგადოებაში. საჭიროა, რომ განსხვავებული მიდგომა არსებობდეს ევროპაში და ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა და ქართული მხარე მზად არის დიალოგის დასაწყებად ყველა საკითხთან დაკავშირებით.
„საზოგადოება მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას და ამასთან ერთად ქართული საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ წლების განმავლობაში. მათ შორის, როდესაც საუბარია 2024 წელს მიღებულ და გამოცხადებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როდესაც შედგა არჩევნები, საყოველთაო არჩევნები, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე ის მხარს უჭერს ჩვენს კურსს, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება, მათ შორის, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გზავნილი იყო ღირსებით ევროპისკენ და აქ ღირსებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ მხოლოდ ღირსებით გვინდა განვაგრძოთ ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ და ღირსება მოიცავს, მათ შორის, კონკრეტულ ღირებულებებს, კონკრეტულ პრინციპებს, ეს არის - სუვერენიტეტი, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია უპირისპირდება ამ პრინციპებს, სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას. როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება, მაგალითად, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, თავდასხმა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. როდესაც ითხოვენ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ადამიანების გათავისუფლებას, ეს არის თავდასხმა სამართლის უზენაესობაზე და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ასეთი თავდასხმების ჩამონათვალი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ძალიან მარტივ რამეს - ჩვენ გვჭირდება დიალოგის, საუბრის დაწყება ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ არსებობს დახურული საკითხი, მზად ვართ, ყველა საკითხზე ღია საუბრისთვის, ოღონდ ეს საუბარი აუცილებლად უნდა წარიმართოს საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს იმ დიალოგის შინაარსი, რომელიც წარიმართება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპულ ბიუროკრატიას შორის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიალოგთან დაკავშირებით თავს იკავებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ქართული მხარე მზად არის დისკუსიისთვის.
„მოხარული ვარ, რომ „ევრონიუსის“ მიწვევით ვიმყოფები ბრიუსელში. საინტერესო დისკუსია იყო. 25 წუთიანი იყო მთლიანი ფორმატი. შევეხეთ ძალიან ბევრ საკითხს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. პასუხი გავეცი კითხვებს და ჩემი გზავნილი არის სრულიად ცხადი - როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, აქ მთავარი არის დიალოგის დაწყება, რაზეც სამწუხაროდ, თავს იკავებენ ამ ეტაპზე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, თუმცა, თუ იქნება სათანადო ნება, ჩვენ მზად ვართ ასეთი დისკუსიისთვის. ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და იგივე ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც.
„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იგივეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა, შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა, ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით.
„ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით, რასაც დაუპირისპირდა სხვათა შორის „გამჭვირვალობის კანონი“. პირდაპირ ევროპული დაფინანსებით წარმოებდა კამპანია მოლოტოვის კოქტეილისა და პოლიციელის დაწვის სასარგებლოდ. ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება სახელმწიფო სუვერენიტეტის ასეთ დონეზე უგულებელყოფა. საჭიროა არა ორმაგი სტანდარტით მოქმედება, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ღირსების დაცვის პირობებში მოქმედება,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან.
„რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, რომ ავიღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც სრულიად სამარცხვინოდ უწოდეს რუსული კანონი, ეს კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან. თუმცა მაშინ სამარცხვინოდ იტყუებოდნენ მაშინდელი ამერიკის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და სრულიად სამარცხვინოდ, ამ ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან კანონს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მისცა იმის შესაძლებლობა, რომ დაეცვა სუვერენიტეტი, უწოდეს რუსული კანონი. ეს იყო სრულიად სამარცხვინო ტყუილზე დაფუძნებული კამპანია. ახლა, როდესაც საუბარია ამ კანონზე, ჩვენ ველოდებით არგუმენტების წარმოდგენას. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, გაურბიან დიალოგს ამ კანონთან, სხვა კანონებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა თვალსაზრისით ეს არის სამარცხვინო ანგარიში.
„თქვენ იცით, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. მთლიანად სატელევიზიო სივრცე იყო მონოპოლიზებული თან ყაჩაღური ფორმით. იცით, როგორ წაართვეს კანონიერ მფლობელს „რუსთავი2", როგორ წაართვეს კანონიერ მფლობელს „იმედი“, როგორ დაეპატრონენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია იყო ერთ ხელში და იყო მონოპოლიზებული მაშინდელი რეჟიმის მხრიდან. 2012 წელს გათავისუფლდა მონოპოლიური სისტემისგან ქართული მედია და დღეს რომ ჩვენთან არის დამკვიდრებული მედიაპლურალიზმი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მის მიერ მოტანილი დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება. ასეთ დროს როდესაც კადრულობენ კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები ასეთ რამეს, ამაზე საზოგადოებას თავისი შეფასება აქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს სერიოზულ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, 9 პუნქტი. ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორად ორი პუნქტი იყო, რაც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის ე.წ. „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორად ორი პუნქტი, რომელიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დავდეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ამხილონ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები სიცრუეში.
„ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზით წასვლა და სამართლებრივი გზით იმის დადგენა, რომ ვრცელდება ასეთი ტიპის უხეში, არასწორი ინფორმაცია. ეს გაკეთდა ამ შემთხვევაში და ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ ჩვენ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე გაეცნობა თითოეულ რეკომენდაციას და იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„დიდ ცვლილებას არ ველოდები გაფართოების შარშანდელ ანგარიშთან შედარებით. რეკომენდაციების გათვალისწინება დამოკიდებული იქნება რეკომენდაციების შინაარსზე. რეკომენდაციას იმიტომ ჰქვია რეკომენდაცია, რომ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. ეს ხომ დირექტივა არ არის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დირექტივებზე, დირექტივები გვახსოვს თავის დროზე მოსკოვიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით. თუ რეკომენდაციებზეა საუბარი, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა იმსჯელოს ამ რეკომენდაციების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით თითოეულ რეკომენდაციას, სადაც გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ და სადაც ვნახავთ, რომ კონკრეტული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქ ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც.
„ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არანაირ არაფორმალურ ფორმატში არ მონაწილეობს. ის მონაწილეობს ფორმალურ ფორმატში, რაც არის განსაზღვრული ჩვენი მხრიდან. ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, თქვენ იცით, რომ ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება ამ ბარიერის გათვალისწინებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ვმოქმედებთ ბუნებრივი მოცემულობის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული.
„პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰუმანური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა არაერთმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ გამოვედით ჰუმანური აქტით და შევთავაზეთ ასეთი რამ შესაბამის სამართალდამრღვევებს. კიდევ ერთხელ, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ყველამ მხედველობაში უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ალიანსს დიდი პერსპექტივა თავიდანვე არ ჰქონდა.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. მთავარი მიზეზი ამ წინააღმდეგობის არის ის სისუსტე, რომლითაც გამოირჩევა მთლიანად რადიკალური ოპოზიციური სპექტრი. ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას.
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და იმის გამო, რომ არ შედგა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. მანამდე ისინიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მათი სახელმწიფოებრივი მიზნის, დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგიც.
„თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დონეს გადავხედავთ, გარკვეულ ეტაპზე ის დაახლოებით 60-65%-ს შეადგენდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად, ვაძლიერებთ ჩვენს შიდა სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოოდ, ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.
„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოგვიანებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსა და სხვა კანდიდატი ქვეყნების შეფასებები, რომლის მიხედვითაც საქართველო მოლდოვასთან ან ბოსნიასთან შედარებით, ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა.
„მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს განაცხადი კი კვლავ არ დაკმაყოფილდა. ეს გარემოება კონკრეტულმა ჯგუფებმა გამოიყენეს. შიდა ოპოზიცია და ევროპული თუ სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ რევოლუციის ორგანიზებას იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ეს საკმაოდ უცნაური ვითარება იყო. საბოლოოდ, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ კი წელიწადნახევრის განმავლობაში გვიწევდა ბრძოლა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს იყო ძალიან რთული პროცესი. გვიწევდა ჯერ 12, შემდეგ 9 პუნქტის შესრულება. ევროკომისიისგან სხვადასხვა დღის წესრიგს ვიღებდით და საქართველო ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ ყოველთვის ერთგული იყო. ჩვენ ასევე სრულად ვართ ერთგულნი ასოცირების დღის წესრიგის“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თუ ამ ყველაფერზე შეთანხმება იქნება მიღწეული, შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ დეტალებზე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ დიალოგს. ჩვენ სრულიად მოქნილები ვართ. წინაპირობა არის სუვერენიტეტი, ღირსება, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა. სრულ მზად ვართ დისკუსიების დასაწყებად.
კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა წინადადება არ არის. ეს სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა. საქართველოს ჰყავს ღირსეული პარლამენტი, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა და რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც სუვერენულმა ინსტიტუტმა, საკუთარი მიღებული კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს, ეს სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ ვინმეს ჩვენს კანონმდებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, უნდა გვესაუბროს და შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სრული სიცრუეა და მსგავსი კატეგორიული განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე გაიმართოს დისკუსია.
„„გამჭვირვალობის კანონის“ მოქმედების შეჩერება გამოსავალი არ არის, რადგან მე, როგორც იურისტს, და თუნდაც იურისტი არ ვიყო, ვერ წარმომიდგენია გონივრულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა არასწორია. ეს აბსურდია. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, ეს სრული სიცრუეა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია გაიმართოს. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან. ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. საუბარია თავად ევროკავშირის მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციებს — ეკონომიკურ პროცესებს, იდენტობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი აქტორი იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატებოდა. ევროკავშირის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუ დღევანდელ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ხოლო ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით უკვე ევროკავშირის დონეს უახლოვდება. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება. ამ საკითხში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის სამართლებრივი საქმე.
„ჩვენ ევროპელ ბიუროკრატებს ვთავაზობთ, ამ საკითხზე სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ, თუმცა მათგან სამართლებრივ არგუმენტებს ვერ ვისმენთ. ისინი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. სწორედ ამ გზით ერევიან საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რაც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია.
„სასამართლოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის სასამართლო სისტემას და მიიჩნევს, რომ ის დამოუკიდებელია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან ადამიანების აღქმა ზოგჯერ შეიძლება მცდარი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებია. ჩვენ არსებითად გავაუმჯობესეთ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებული სტატისტიკა. კერძოდ, რამდენი საჩივარი იგზავნება საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, იქნება ეს მოქალაქეების, ბიზნესის წარმომადგენლების თუ სხვა სუბიექტების მხრიდან. 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, ასეთი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვა ჯგუფებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი პოლიტიკურად სენსიტიური საქმე გაგზავნეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა სამჯერ შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ყველა არსებითი პრობლემა მოვაგვარეთ. 2012 წლამდე სასამართლო სისტემას არავინ აკრიტიკებდა, მაშინ როდესაც იგივე ადამიანები 2012 წლის შემდეგ არსებითად გაძლიერებულ სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
