საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე.
„გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორია, ისევე, როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია, მრავალი სირთულით იყო აღსავსე. ეს ისტორია პირობითად, სამ დეკადად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ათწლეული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ინსტიტუტად დაფუძნების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ თავმჯდომარეებს, ბატონ ავთანდილ დემეტრაშვილს და ბატონ ჯონი ხეცურიანს, ისევე როგორც პირველი თაობის თითოეულ მოსამართლეს, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ჩაუყარეს საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს იყო პერიოდი, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის გამო, კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა.
„ერთხელ, როდესაც ის მოსამართლის ასაკობრივ ცენზს არ აკმაყოფილებდა და მეორედ, როდესაც კონსტიტუცია სასამართლოს თავმჯდომარედ მისი მეორედ არჩევის შესაძლებლობა არ იძლეოდა. ეს ფაქტი განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს იმდროინდელი ავტორიტარიზმის უმძიმეს სახეს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაზე პირდაპირ აისახა. აღნიშნულ პერიოდში უკიდურესად შემცირდა საზოგადოების ნდობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. 2007-2012 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წელიწადში საშუალოდ 4 გადაწყვეტილებას იღებდა, რაც სასამართლოს იმდროინდელ მდგომარეობაზე ცხადად მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგაც, 2013-2016 წლებშიც გაჰყვა, როდესაც რეჟიმის მიერ დანიშნული რამდენიმე მოსამართლე კვლავაც შესაბამისი პოლიტიკური ძალის კარნახით მოქმედებდა.
„ყველას გვახსოვს ეს პერიოდი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურად მგრძნობიარე ყველა საქმეს ერთსა და იმავე კოლეგიას აწერდა, სადაც მას მასსავით პოლიტიკურად მიკერძოებული მოსამართლეების მხარდაჭერის მყარი იმედი ჰქონდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში.
საბედნიეროდ, 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვისებრივად გათავისუფლდა ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან, ამას დაერთო 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელმაც აამაღლა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა ხელისუფლების დანაწილების სისტემა და გააძლიერა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ხელისუფლების სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.
„დღეს, ხშირად ვისმენთ უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსჯად საქმეებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ვხედავთ, როგორ ცდილობენ კონკრეტული ელჩები საკონსტიტუციო სასამართლოსგან მიიღონ განმარტებები მიმდინარე საქმეებზე, რაც ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უხეშ მცდელობად უნდა შეფასდეს.
მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ღირსეული გარანტი. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს ქართული საზოგადოებისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის. მადლობა მინდა, გადავუხადო საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. საქართველოს მთავრობა ზრუნავს და მომავალშიც განუხრელად იზრუნებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვულოცავ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეში,“- აღნიშნა პრემიერმა.
გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაფერი არ იზღუდება, შესაბამისად, ყველა უბნის ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია.
„არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს. დანარჩენი უბრალოდ ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს ადმინისტრაციულ სანქციას.
„როდესაც საუბარია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება. ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს ადმინისტრაციულ სანქციას. ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში. თუ თქვენი პოზიციაა, რომ ეს ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ დემოკრატიასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ვინ ზის ციხეში საპირისპირო აზრისთვის. სავალი გზის ბლოკირებისთვის ჯერ არის ფინანსური ჯარიმა და შემდეგ მაქსიმუმ ადმინისიტრაციული პატიმრობა, რომელიც როგორც წესი, მაქსიმუმ 2 კვირით შემოიფარგლება ხოლმე. ეს არ ეხება ციხეებში ადამიანების მოთავსებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის ანგარიშზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაასახელონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ.
„რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. გვარებს ვერ გვეუბნებიან, არ აქვთ, მაშინ გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის წამხალისებლებად მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალილსებლებად. ეს არ უნდათ. უნდათ ზეპირად ზოგადი ფრაზებით ისაუბრონ, ასე არ გამოვა. კეთილი ინებონ, წარმოადგინონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ღია დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ მიიღეს თავის დროზე 785 000-მდე ხმა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მხარდაჭერაც კი გაანიავეს.
„არეულები არიან ბატონი ჰერჩინსკის ფავორიტები, ესეც მის ტრაგიზმზე მეტყველებს. პატრონებმა მიიყვანეს აქამდე ეს რადიკალური ოპოზიცია. ჯერ მარტო გადახედეთ, რა ხალხია წარმოდგენილი. რომ შევხედე იმ სურათს, რომელიც არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში, რა ხალხი აერთიანებს ამ რადიკალურ ოპოზიციას, ძალიან ტრაგიკულია ეს მდგომარეობა და გასაკვირი არ არის, რომ ქართველი ხალხის მხრიდან ამ ადამიანებს აქვთ ნულოვანი ნდობა და რეალურად მათ მიიღეს თავის დროზე 785 000-მდე ხმა წინა საპარლამენტო არჩევნებში და ეს მხარდაჭერაც კი გაანიავეს. თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელოს“ გაუნახევრდა მხარდაჭერა და გახარიას პარტიას სამჯერ შეუმცირდა მხარდაჭერა, იმიტომ რომ მათ უღალატეს საკუთარ ამომრჩეველს, შესაბამისად დაკარგეს საზოგადოების ნდობა, ის ნდობაც კი, რაც მანამდე ჰქონდათ, 785 000-მდე ხმის სახით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის პირობებში, შიდა დაპირისპირება, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს რადიკალურ ოპოზიციაში, უცხოურ აგენტურაში, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს.
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი დიპლომატიური კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს აკადრებინებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბატონ ჰერჩინსკის და ამიტომ არის ეს პიროვნება ნამდვილად ტრაგიკული. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება.
გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავს ესხმის, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ჩვენ ვპასუხობთ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ ხოლმე პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ, თან ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ, დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, რომელსაც ჰყავდა ავტორები და საქმე ეხება რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას.
„დამეთანხმებით, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს.
არის საკონსტიტუციო სასამართლო, მას ჰყავს შემადგენლობა, ეს შემადგენლობა ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს, დანარჩენი მე კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას.
იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, ამ რეჟიმს ჰყავდა ავტორები და აქ საქმე ეხება ამ რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას. მაშინდელი სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი, ეს არის მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის ზუსტად რომ ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში.
„აქ საქმე ეხება რას - მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ისინი ითხოვენ იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ, ასევე დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ.
„ვხედავთ, სადამდეა დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რასაც ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას და ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც უბრალოდ, სამარცხვინოა. როდესაც ისინი საუბრობენ ე.,წ. თვითნებურად დაკავებულ პირებზე, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისროდნენ და სხვა ტიპის ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, რომლებიც დამხობის აქციას აანონსებდნენ და აორგანიზებდნენ, ან პოლიციელს ხელს ურტყამდნენ. კეთილი ინებონ და გვარებით ჩამოჰყვნენ ამ ყველაფერს, მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ამ სიის მოწოდება, თუმცა, ვერ მოგვაწოდეს, იმიტომ რომ მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოეწოდებინათ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, მძიმე ძალადობრივ აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აანონსებდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ზუსტად ამიტომ, ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის ძალიან მძიმე სახეს, როგორც არის ის დღეს წარმოდგენილი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიუროკრატია ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ იდგა.
„ამ ყველაფერს არანაირი დასაბუთება არ შეიძლება ჰქონდეს არც ე.წ. ვეთინგს, რაც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას. როგორ შეიძლება, მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიუროკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად ევროპის დემოკრატიის ფონდი, EED აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. EED პირდაპირ ფინანსდება ევროკავშირიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
„კონკრეტული ორი ევროპელი ელჩი იყო, რომელიც მისული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელიც ითხოვდა ინფორმაციას კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევაა. ასევე, თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ეხებოდა თუ არა ეს პარტიების აკრძალვის საქმეს.
„ბოლო პერიოდში ამ საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს ინფორმაცია. მანამდე იყო ასევე სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და სამართლის უზენაესობას პატივი უნდა სცენ ჩვენთანაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპაში მიმდინარე გამოსვლებსა და ევროკავშირის მიერ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობას ეხებოდა.
„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს შეეხებოდა.
მისივე თქმით, მწვავეა ეს ანგარიში მისი ავტორებისთვის.
„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.
გლობალურად არის პრობლემა, რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არ აქვს გადასახადს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით.
„თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება. ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რომელიც კეთდება აქციზთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერმა.
