განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეძლონ.
„ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, ხოლო კერძო სექტორი - თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში მიიღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარებაში და მინდა, წარმატებები გისურვოთ,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კლინიკაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის ეს ინვესტიცია და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღონისძიების წინ დაგვეთვალიერებინა უშუალოდ კლინიკის შენობა და ნამდვილად შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი; მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში არის ნამდვილად უპრეცედენტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას.
„ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციებიც განხორციელდება მომავალშიც ამ მიმართულებით.
თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია.
„ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, 2023 წელს კი, მილიარდს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი არის ყოველწლიურად მზარდი. მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 150 მილიონით გაიზრდება და 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწევს.
ეს მზარდი დაფინანსება ნიშნავს მთლიანად სამედიცინო სექტორის განვითარებას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი მზარდ დაფინანსებას მაქსიმალურად უწყობს ფეხს. დღევანდელი დღეც, კლინიკის ახალი შენობაც არის ამ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ესენი არიან პენსიონერები, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. სახელმწიფო, სოციალური სტატუსის მიხედვით, 70-დან 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობას, ქირურგიას, კარდიოლოგიას, მშობიარობას, რეაბილიტაციასა და მედიკამენტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს არავითარი გამართლება.
„მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუროგაქციის ნებისმიერი ფორმის აკრძალვის თაობაზე იმიტომ, რომ ქალის ექსპლუატაციას, თან ასეთი მძიმე ფორმით, არ აქვს არავითარი გამართლება. რა თქმა უნდა, ყველა საკითხში არის პლუსები და მინუსები, მაგრამ ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს არავითარი საპირწონე და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა, სწორედ, USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული - საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
„რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა, სწორედ, USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები. პირდაპირ USAID-ი იყო ჩართული, სახელებით და გვარებითაც გვისაუბრია, აბსოლუტურად კრიმინალური იყო ეს საქმიანობა. თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, რასაც ასევე მოეფინა ნათელი ამ დოკუმენტებიდან. ეს იყო კრიმინალი. თქვენ გახსოვთ კამპანია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლებოდა, წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება. პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც იყო მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ, ვიდრე USAID-ი გაუქმდებოდა, დავასწარით და მანამდე მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და შეგახსენებთ, რამხელა სამარცხვინო კამპანია დაუპირისპირა ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, რუსული კანონი უწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ემსახურებოდა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.
ჩვენ, რეალურად, მაშინ ვიბრძოდით მარტო, ქართველ ხალხთან ერთად - ასე ხატოვნად ვიტყოდი ამ ყველაფერს. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, ეს იყო „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რომელიც მაშინ მოქმედებდა, სწორედ, ასეთი ფონდების მეშვეობით, ეს იყო USAID-ი, NED-ი, EED-ი და სხვები, ღია საზოგადოება და ა.შ. ისინი პირდაპირ, ღიად, დაუფარავად და უხეშად უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ - მთელი აგენტურა იყო ჩართული, ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მათ ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც სინამდვილეში არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები და ამაში იყვნენ ჩართული მათი სამარცხვინო მედიასაშუალებები, მათ ჰქონდათ გაშლილი მთელი კამპანია, აგიტაცია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა,“- აღნიშნა პრემიერმა.
