USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა.
„რაც ვიცოდით, იმას მოეფინა კიდევ ერთხელ ნათელი. USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამოქვეყნდა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში ითხოვენ დამნაშავეების მიმართ ისეთ მოპყრობას, როგორსაც ისინი არ იმსახურებენ.
„თუმცა თქვენ ასევე იცით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები.
„სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის, მათ შორის ესეც არ იყო გამონაკლისი შემთხვევა.
ზოგადად, მინდა აღვნიშნო, როდესაც საქმე ეხება ამ მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს. მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის. როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი.
თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა პოლიციელს ამისათვის. მოვუწოდებ ყველა უკვე ქართველ პროვოკატორს, აქ საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის ასეთ შემთხვევებს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული ღვინის კომპანიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.
„ჩვენ ველით, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ყველაფრით. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით, ამ უსაფუძვლო გადაწყვეტილებით და იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
