ჩვენი დაპირება დღესაც ძალაშია, ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ევროპული გზიდან გადახვევას.
„უფრო მეტიც, მინდა, გაგახსენოთ ამ განცხადების ციტატები – საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ასე გრძელდება. ნახსენებია ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ჩვენი აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. ეს წერია იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა 2023 წლის 28 ნოემბერს. ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა ამ განცხადებას, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. ჩვენ უბრალოდ შევაწყვეტინეთ შანტაჟი ოთხი წლის განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას, რითაც დავამშვიდეთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერმა.
