დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის „პალმერში“ განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ „პალმერ მალიორკაში“ გააგრძელებს. ბოლოს დუდა კვიპროსულ „ანორთოსისში“ თამაშობდა, სადაც სეზონი გაზაფხულზე დაასრულა და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში შედეგიანი ევრობასკეტი ჩაატარა.

მიუხედავად ნაკრებში თავის გამოჩენისა, დღემდე დუდა უგუნდოდ იყო. გუშინ კი ესპანეთში გაფრინდა და დღეს, გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა.

„ქართველი მცველი ჩვენს კლუბს ბრწყინვალედ ჩატარებული ევრობასკეტის შემდეგ უერთდება, სადაც მისმა ნაკრებმა 8 საუკეთესოს შორის გასვლა მოახერხა. სანაძეს ტურნირზე საშუალოდ 10.3 ქულა ჰქონდა, ფინეთთან მეოთხედფინალურ მატჩში კი 19 ქულა მოაგროვა და საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“, – წერს ბალეარის კუნძულების წარმომადგენელი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

33 წლის დუდა სანაძისთვის ესპანეთში თამაში უცხო არ გახლავთ. 2018 წელს დუდა ლიგა ენდესაში (უმაღლესი ლიგა) „გიპუზკოა ბასკეტის“ ღირსებას იცავდა. „პალმერ ბასკეტს“ მიმდინარე სეზონის 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა. სანაძის ახალი კლუბი მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს სტუმრად „ალიკანტეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს და სავარაუდოდ, დუდას დებიუტიც ამ შეხვედრაში შედგება.