იწყება 30 ტექნიკური სტადიონისა და 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონის მშენებლობა - ირაკლი კობახიძე

ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ფრაზა „ისტორიაში პირველად“ წელს 42-ჯერ გაჟღერდა.

 

„დღეს ვაჯამებთ წელს, რომელიც იყო ძალიან დიდი წარმატებების მომტანი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.  ჩვენი სპორტსმენების ნიჭმა, შრომამ და თავდადებამ 2025 წელს ჩვენს ქვეყანას 1935 საერთაშორისო მედალი მოუტანა, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ამისათვის ჩვენს სპორტსმენებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით.

სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრაზა „ისტორიაში პირველად“ წელს 42-ჯერ გაჟღერდა. ისტორიაში პირველად ჩვენმა კალათბურთელებმა ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. ეს არის განსაკუთრებული წარმატება და ამისათვის მინდა ჩვენს კალათბურთელებს მადლობა გადავუხადო. მინდა გავიხსენო, რომ ამ ბრძოლაში მათ ჩამოიტოვეს უკან ისეთი ტრადიციული საკალათბურთო ნაკრებები, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი. ეს არის წარმოუდგენელი მიღწევა და კალათბურთელებს კიდევ ერთხელ მადლობა ამისათვის.

ასევე პირველად ისტორიაში, ჩვენი ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. მადლობა ძიუდოისტებს ამ გამარჯვებისთვის. ასევე მინდა გავიხსენო ხელბურთელების წარმატება, რომლებმაც ზედიზედ მეორედ მოახერხეს და დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე.

პირველად მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფარიკაობაში. პირველად მოვიპოვეთ ოქრო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე. ისტორიაში პირველად გვყავს მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, იმ განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევების, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ქართულ სპორტს ამ წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.


ჩვენი ეკონომიკა იზრდება ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც და ეს გვაძლევს მუდმივად სპორტზე მეტი ზრუნვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელს 340 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისა და სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის. 

 

„განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია პარასპორტი, სადაც ჩვენი ათლეტები ყოველწლიურად ამტკიცებენ, რომ შეზღუდვები არ არსებობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი გამოსვლა ევროპის თამაშებზე, ეს იყო სადებიუტო გამოსვლა, სადაც ჩვენმა გუნდმა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში. წელს ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლეთ უმაღლესი რანგის ტურნირებს, მათ შორის ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, „ბაკურიანი 2025“-ს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებს ფარიკაობაში, „ემ ემ ეი-ში“ და სპორტულ ცეკვებში. 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელთა შორის, ასევე - ევროპის ჩემპიონატებს ძიუდოში, ძალოსნობაში, სამბოსა და ჭადრაკში. მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სპორტის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში. 

 

ჩვენი ეკონომიკა იზრდება ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც და ეს გვაძლევს მუდმივად სპორტზე მეტი ზრუნვის შესაძლებლობას. წელს 340 მილიონ ლარზე მეტი მივმართეთ როგორც მაღალი მიღწევების, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისკენ, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისკენ და სპორტსმენების სოციალური დაცვისკენ. ეს არის რა თქმა უნდა, ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალში და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო და უფრო მეტი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული სპორტი მომავალში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, მომავალ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30 ტექნიკური სტადიონისა და 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

„მომავალ წელს იწყება 30 ტექნიკური სტადიონის მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, ეს პროცესიც გაგრძელდება და ტექნიკური სტადიონები ექნება ყველა მუნიციპალიტეტს. ასევე, მომავალი წლიდან იწყება 8 სხვადასხვა ქალაქში სრულფასოვანი სტადიონების მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას ყველა მიმართულებით,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, თითოეული სპორტსმენი არის საქართველოს საუკეთესო ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე. 

„ისტორიული შედეგების ფონზე, ძალიან რთული ამოცანაა რომელიმე სპორტსმენის გამოყოფა და საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა დღევანდელი დღე, სწორედ, ამას უძღვება და მინდა, წინასწარ  მივულოცო მომავალ გამარჯვებულებს და ნომინანტებს. თითოეული წარმატებული სპორტსმენი არის გამარჯვებული თავისთავად და არის ღირსეული მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. თითოეული მათგანი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე და თითოეული მათგანი არის საუკეთესო ელჩი საქართველოსთვის მსოფლიო ასპარეზზე. მე ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და უპირობოდ ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ. ყველას მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დადგები შობა-ახალი წელი მინდა მოგილოცოთ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველას ვინც არის ჩართული ქართულ სპორტის წარმატებაში და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა.  გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს მომავალში,“- განაცხადა პრემიერმა.