მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინაში, საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები, რომელიც 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გახსნის ცერემონიაზე გაიმართა მონაწილე ქვეყნების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადების ცერემონიალი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯოვანი მალაგომ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კრისტი ქოვენთრიმ, ხოლო იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი მილანსა და კორტინაში ოლიმპიური ცეცხლი აინთო.

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, გლებ სმოლკინი, დიანა დევისი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური, ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა).

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომლის პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

7 თებერვალს მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამას ნიკა ეგაძე წარადგენს – ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, თუ საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.