ბორჯღალოსნები დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.
ჩვენი გუნდი, რომელმაც „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 8 მარტს „ავჭალაზე“ რუმინეთს ეთამაშება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და ფინალის საგზურთან ერთად, ტრადიციულად გუნდებს შორის „ანთიმოზ ივერიელის თასიც“ გათამაშდება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში დაუხვდება.
სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა. გუნდს დაემატა 20-წლამდელთა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი, რომელსაც გასულ უქმეებზე „ტულონის“ შემადგენლობაში ტოპ 14-ში დებიუტი ქონდა. ბორჯღალოსნებს შეუერთდა „პოს“ მესამეხაზელი ბექა გორგაძეც. მწვრთნელებმა წელს ნაკრებში პირველად უხმეს 9 ნომრებს – თენგიზ პერანიძესა და მიხეილ ალანიას, ხოლო ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში დააბრუნეს.
რუმინეთთან მატჩისთვის გუნდში გამოძახებული არ არიან ირაკლი აფციაური, გიორგი ცუცქირიძე, ანდრო დვალი, გიორგი სპანდერაშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი.
ნაკრებთან ერთად არიან, თუმცა რუმინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ გელა აფრასიძე და ლუკა ივანიშვილი. აფრასიძემ ესპანეთთან ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო ივანიშვილი წითელი ბარათით დაისაჯა და დისკვალიფიკაციას იხდის.
