საქართველოს მოსახლეობაა 3.9 მილიონი ადამიანი, მათ შორისაა უცხოეთის 257,000 მოქალაქე - საქსტატი

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,914,000-ია. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას აღწერაში შესული უცხოეთის მოქალაქეების შესახებ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში 6.6%, ანუ 257,000 არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის აღწერის თანახმად, 3,657,000 არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო 257,000 კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეა.

საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.

"საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი.

წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.

აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოს მოსახლეობა 3,713,000-ს შეადგენდა.