წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 90
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, 2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს – დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„2025 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი. სულ გამოცდებისათვის 80 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის კი დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
