დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ორშაბათიდან 24-საათიან უწყვეტ აქციებს აანონსებენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 46
ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარე ზაქრო გვიშიანი აცხადებს, რომ ორშაბათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიანი უწყვეტი აქციები დაიწყება.
მშობლები აცხადებდნენ, რომ მათ შვილებთან ერთად კანცელარიის შენობაში შესვლა და მათ მიერ დაწერილ განცხადებაზე პასუხის მიღება სურდათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ბავშვებისა და მშობლების ნაწილს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. მათი თქმით, მხოლოდ ერთ მშობელს მიეცა შესვლის უფლება, თუმცა, მასთან შესახვედრად არავინ გამოსულა.
ზაქრო გვიშიანის განცხადებით, პროცესში ბავშვების უშუალო მონაწილეობის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდი იყო, თუმცა მათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„შევედით და გამოვედით იმიტომ, რომ ბავშვები არ დაუშვეს, რომლებიც იქ იყვნენ მისულები. ბავშვები არიან განცხადებების ავტორები და მათ ეხებათ ეს საკითხი. ჩვენ ვართ მათი კანონიერი წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ვისაც ეხებოდა საკითხი, ისინი არ შეუშვეს. გვინდოდა ორი მშობელი და ორი ბავშვი შესულიყო, მაგრამ არ შეგვიშვეს. დადგეს ბარიერი და ცოცხალი ძალა დააყენეს. გამოვედით ისე, რომ არავინ შეგვხვდა. ამ დრომდე უკუკავშირი არ გვაქვს“, - განაცხადა გვიშიანმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ შეხვედრის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი და საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მშობლების განცხადებით, აქციის ფორმა იცვლება და ორშაბათიდან კანცელარიასთან 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს.ორგანიზაციის - „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ცნობით, საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია.
წყარო:bm.ge
