ხვალ წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება — მომლოცველებისთვის უფასო ტრანსპორტი დაინიშნა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 84
წაჩხურობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მომლოცველებს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრამდე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება.
"ტრანსპორტირება განხორციელდება 16 აპრილს, სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან, დილის 06:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.
დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია.
წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში.
წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.
