მთავარი
ბელგრადში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს
- Details
- By iaiaia
- Hits: 114
სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებმა დედაქალაქ ბელგრადის რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და ბარიკადები აღმართეს. ამ აქციის ინიციატორია სტუდენტების საპროტესტო ჯგუფი „ბლოკადა”.
ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ნაგვის ურნებით და რკინის ღობეებით გადაკეტილი ქუჩები და გაშლილი კარვები. ანალოგიური აქციებია სერბეთის სხვა ქალაქებში. სერბეთის მედიასაშუალებები ვარაუდობენ, რომ პოლიცია გზების გახსნას დილით შეეცდება.
ქუჩების გადაკეტვა 29-დან 30 ივნისის ღამით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არ შეასრულა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მოთხოვნა 28 ივნისს გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ.
სტუდენტური მოძრაობის ინიციატივით, ბელგრადში 28 ივნისს გაიმართა მრავალათასიანი აქცია სერბეთის მთავრობის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნებით. მსვლელობა მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა. სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს და 77 პირი დააკავეს. სერბეთის შსს-ს თანახმად, დაშავდა 70 მოქალაქე, მათ შორის 48 პოლიციელი.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მასობრივი არეულობების მონაწილეებს „ტერორისტები“ უწოდა და გააკრიტიკა ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი ვლადან ჯოკიჩი, რომელიც მიტინგებში მონაწილეობს.
სერბეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის ახალგარემონტებული რკინიგზის სადგურის ბეტონის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეებმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს და ქალაქ ნოვი-სადის მერის და სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არაერთხელ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ აღელვებს და მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
