ეროვნული ბიბლიოთეკა 1481 წელს გამოცემული „ღვთაებრივი კომედიის" 110 000 ევროდ შეძენას გეგმავს

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა 1481 წელს გამოცემული დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის შეძენას გეგმავს, რომელიც ამჟამად, საფრანგეთში მცხოვრები ბუკინისტის ჟან-ბაპტისტ დე პროიარის მფლობელობაშია.

წიგნის შესაძენად ეროვნული ბიბლიოთეკა 110 ათასი ევროს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით ცნობილი ხდება, რომ ეს გამოცემა ამ ნაწარმოების მეორე გამოცემაა, მაგრამ მის მშობლიურ ქალაქში პირველად გამოიცა. გამოცემა ფოლიოს ფორმატშია დაბეჭდილი და ახლავს აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის, ჩანახატებზე დაფუძნებული ბაჩო ბალდინის გრავირებული ილუსტრაციები. წიგნი წარმოადგენს ინკუნაბულას, ნაბეჭდ გამოცემას, რომელიც ხელითაა აწყობილი.

“ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა და აქვს 1481 წელს გამოცმული ინკუნაბულას შეძენის შესაძლებლობა, ისტორიული მნიშვნელობისაა. იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს წიგნის მუზეუმის უნიკალურ კოლექციაში, რაც აამაღლებს ბიბლიოთეკის კულტურულ ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც თვლის, რომ მიზანშეწონილია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ექსკლუზივის წესით შესყიდვა.