აივ ინფექციის ეპიდემია რუსულ ჯარში - გადმოლახავს საქართველოს საზღვარსაც?
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 178
რუსულ ჯარში აივ ინფექციის/შიდსის ეპიდემიის მონაცემებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ანალიტიკური პლატფორმა „კარნეგი პოლიტიკა“ და მიუთითებს, რომ შესაძლოა, დემოგრაფიულმა და ეკონომიკურმა დანაკარგმა, რაც რუსეთს ამ ეპიდემიის აფეთქებით მიადგება, უკრაინაში შეჭრის შედეგად მიყენებულ ზარალსაც კი გადააჭარბოს.
„კარნეგი პოლიტიკა“ წერს, რომ სამხედროებში აივ-შიდსის ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს საველე ჰოსპიტლებში ერთჯერადი შპრიცების ნაკლებობა და მათი განმეორებითი ხმარება.
სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ახლა არცერთი ეპიდემიოლოგი არ არის მზად თქვას - ინფექციის აფეთქება მხოლოდ სამხედროებით შემოიფარგლება.
არის თუ არა რუსეთში აივ ინფექციის გაუარესებული ეპიდსიტუაცია საფრთხე საქართველოსთვისაც, რომელთანაც რუსეთს ღია სახმელეთო საზღვარი აქვს, ომის შემდეგ კი მიგრაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია?
ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე ოფიციალურად არაფერს ამბობს, განსხვავებით ექიმებისგან.
ეპიდემიის აფეთქება რუსეთში
რუსეთში აივ ინფექციის გავრცელების მხრივ ვითარება რთული იყო უკრაინაში ომის დაწყებამდეც, 2022 წლის 24 თებერვლამდეც, თუმცა ამ ომმა სურათი მკვეთრად გააუარესა. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ჯანდაცვის სისტემაში პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა - უამრავ პოტენციურ პაციენტს არ ჰქონდა დრო რეგულარული სამედიცინო გამოკვლევებისთვის.
ის ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავდნენ აივ ინფიცირებულ პაციენტებზე, ან დაიხურნენ, ან ქვეყნიდან გავიდნენ. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, აივ ინფიცირებულთა შორის მკურნალობის წილი 50%-ზე დაბლა დაეცა - ასეთი რამ მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოხდა რუსეთში.
მაგალითად, ელტონ ჯონის ფონდი, რომელიც მსოფლიოში აივ ინფექციის სერვისების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უმსხვილესი დამფინანსებელია, არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა, რამაც რუსული ორგანიზაციები იძულებული გახადა ფონდთან თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ.
ლგბტ თემის „ექსტრემისტულ მოძრაობად“ გამოცხადებამ კი კიდევ უფრო გაზარდა სტიგმა როგორც ზოგადად, ლგბტქ თემის, ასევე აივ ინფექციით დაავადებულთა მიმართ.
„კარნეგი პოლიტიკას“ მაგალითად მოჰყავს UNAIDS-ის (გაეროს აივ ინფექციისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროგრამა) მონაცემები, რომლის მიხედვით. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის არმიაში აღმოჩენილი ახალი აივ შემთხვევების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა. 2022 წლის ბოლოსთვის - 13-ჯერ. 2023 წლის დასაწყისისთვის კი პიკური ზრდა იყო - 40-ჯერ მეტი მაჩვენებლით. 2023 წლის ბოლოს, სამხედრო მოსამსახურეებში აივ ინფექცია დაახლოებით 20-ჯერ უფრო ხშირად გამოვლინდა, ვიდრე ომამდე... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.
