კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო დღეიდან მიიღებს - ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს - 1 კილოგრამს 1 ლარად, დღეიდან მიიღებს, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.

„რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე - 0322 193 283.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი“, - აცხადებენ სააგენტოში.