Rotana საქართველოში შემოდის – გონიოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pontus Rotana Resort & Spa Gonio აშენდება

მსოფლიოში აღიარებული სასტუმროების მმართველი კომპანია "როტანა", რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს მსოფლიოს 24 ქვეყანასა და 46 - ზე მეტ ქალაქში, ახლა უკვე ბათუმშიც შემოვიდა და "პონტუსთან" სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ზღვისპირა გონიოში საერთაშორისო სასტუმროს პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ Rotana-ს კორპორაციული განვითარების დირექტორმა, ფარჰან შუბაიალათმა, ინვესტორმა, მოჰდ იაკობ ბეიკერ ხავაჟიმ და Rotana-ს კლასტერის გენერალურმა მენეჯერმა, ერიკ გულუტამ ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ Pontus Rotana Resort & Spa Gonio საქართველოში პირველი, სრულიად მართული 5 - ვარსკვლავიანი სასტუმროა. სასტუმროს მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი. გონიოს სასტუმროში 546 ნომერი განთავსდება.

Pontus Rotana Resort & Spa Gonio მომავალში მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს - ღია და დახურული საცურაო აუზები, რამდენიმე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო ოთახები დამოსასვენებელი სივრცეები, პანორამული ტერასა, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, კაზინო და კერძო სანაპირო.

Rotana-ს კორპორატიული განვითარების დირექტორი ფარჰან შუბაიალათი ამბობს, რომ საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია - 2024 წელი ვიზიტორთა რაოდენობით რეკორდული გამოდგა და 7 მილიონს გადააჭარბა, რაც 2023 წელთან შედარებით დიდი წინსვლაა. მისი თქმით, განსაკუთრებით შეიმჩნევა ზრდა ისეთ ბაზრებიდან, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ამყარებს.

შუბაიალათი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი პარტნიორობა Pontus-თან და რამდენად იმედისმომცემია მიმდინარე პროექტი გონიოში. ამბობს, რომ სასტუმროს ლოკაცია განსაკუთრებულია. ახლოსაა აეროპორტთან და ამავდროულად არ არის ქალაქს დაშორებული, რაც სტუმრებისთვის კომფორტულია. გარემო ზღვა და მთები კურორტისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

“გვახარებს პონტუსის პოზიციაც, მადლიერები ვართ, რომ სწორედ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები და ეჭვიც არ გვეპარება, რომ წარმოუდგენელ შედეგს დადებენ. ეს უნიკალური პროექტია, პირველ რიგში ლოკაცია, რომელიც უნიკალურია იმით, რომ ახლოსაა აეროპორტთან და არ არის ქალაქს დიდად დაშორებული. გარემოც იდეალურია ზღვითა და გარშემო მთებით, სწორედ ესაა კურორტი ანუ ის რაც მოიზიდავს ვიზიტორებს. სხვა ბენეფიტებს რაც შეეხება სასიხარულოა, რომ გვაქვს თავდაჯერებულობის საშუალება, რადგან პროფესიონალებით დატვირთული სამენეჯმენტო კომპანია გვიდგას გვერდში. იგივე საერთაშორისო ბრენდი "როტანა". სხვა სარგებელს რაც შეეხება, ეს არის გადასახადები და ტურიზმის ინდუსტრია, რომლის ნამდვილი ბუმიცაა საქართველოში.

ეს ჩვენი პირველი პროექტია, თუმცა ამავდროულად პონტუსთან ერთად თვალყურს ვადევნებთ სხვა პროექტებსაც. ასე, რომ საქართველოში მეტი პროექტის განხორციელება გვსურს", - აცხადებს ფარჰან შუბაიალათი.

ინვესტორი და სამოქალაქო ინჟინერი მოჰდ იაკობ ბეიკერ ხავაჟი ამბობს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურობითა და პერსპექტივით იზიდავს. მან დეტალურად შეისწავლა Rotana-ს პროექტი გონიოში, რაც ინვესტიციისთვის მომგებიან შესაძლებლობად მიიჩნია.

“მე უძრავი ქონების ინვესტორი ვარ და მაქვს ინვესტიციები, როგორც გერმანიაში ისე საქართველოში. როდესაც როტანას პროექტის შესახებ შევიტყვე, ის შევისწავლე, შევაფასე და გადავწყვიტე პირადად მენახა. დავრწმუნდი, რომ ეს შესაძლებლობაა ტურიზმის პროექტში თანხის დასაბანდებლად. მას იდეალური ამონაგები აქვს. სხვათა შორის, ჩემი წინაპრები, კერძოდ ბაბუა მე-19 საუკუნეში სწორედ კავკასიაში ცხოვრობდა და ამ ნაბიჯით, მე ფაქტობრივად ჩემს ფესვებს დავუბრუნდი. საქართველო პატარა, მაგრამ სტაბილური და ძალიან პერსპექტიული ქვეყანაა, რაც სწორედ ინვესტირებისკენ მიბიძგებს. სტაბილურ ქვეყანაში ინვესტიციის დაბანდება კი მე მხოლოდ მაბედნიერებს”, - თქვა მან.

Rotana-ს კლასტერის გენერალურმა მენეჯერმა, ერიკ გულუტამ განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციის მიღების გადაწყვეტილება სწრაფად და დარწმუნებით მიიღო, რადგან კარგად იცნობს Rotana-ს მუშაობის სტილს და სანდოობას. მისი თქმით, საქართველო მისთვის მეორე სახლია. მეუღლე ქართველია და თბილისშიც უკვე ფლობს უძრავ ქონებას. ბათუმს ის დინამიკურ და მაღალი პოტენციალის მქონე ბაზრად აფასებს.

“ორ კვირაში მე "როტანასთან" თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღვნიშნავ. ეს დეკადა სავსე იყო თავგადასავლებითა და გამოცდილებებით. მათთან ერთად არაერთ ქვეყანაში მიმუშავია და მინახავს თუ როგორ საუბრობენ მფლობელებთან, ინვესტორებთან სხვადასხვა კურორტებზე, სასტუმროებსა თუ პროექტებზე. ასე, რომ როტანასთან ერთად, როდესაც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა გამოჩნდა ორჯერ არც დავფიქრებულვარ, ვინაიდან ვიცი როგორ მუშაობენ, როგორ ექცევიან მომხმარებლებს და თავად პროექტიც ძალიან საინტერესო ჩანდა.

საქართველო ჩემი მეორე სახლია, ჩემი მეუღლე ქართველია, თბილისშიც ვფლობთ უძრავ ქონებას. ასე, რომ საქართველოში ინვესტირების გამოცდილება უკვე მქონდა და მსურდა უფრო მეტი ინვესტირება ამ ქყეყანაში. ბათუმი ყოველთვის იყო ჩემს რადარზე, ვფიქრობ ის დინამიკური და თანამედროვე ბაზარია დიდი პოტენციალით. ეს ყველაფერი ერთად: ბათუმი, როტანა და ეს ულამაზესი გარემო და მიხვდებით, რომ გადაწყვეტილების მიღება უმარტივესი იყო. როგორც ინვესტორი ყველაზე მეტად პირველივე დღიდან როტანას გამჭვირვალობას ვაფასებ. ბევრ სხვა კომპანიაშიც ვარ ინვესტორი და ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ჯერ არსად მქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც შენაძენი გავაკეთე მათი ყურადღება იყო უმაღლეს დონეზე. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას მოჰყავს ახალი კლიენტები და მეც ვაღიარებ, რომ სწორედ ამ ნაწილზე უამრავ ჩემს ახლობელ ადამიანს ველაპარაკე. ეს იდეალური სტრატეგიაა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად”, - თქვა მან.

ინფორმაციისთვის, როტანა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული ბრენდი 24 ქვეყნის 46 ქალაქში ოპერირებს: ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი და სხვა.