აქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში შეიქმნა „საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკოორდინაციო უწყებათაშორისი კომისია“. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით უკვე დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა და დებულება.
კომისია საკმაოდ ფართომასშტაბიანია და მასში თითქმის ყველა სამინისტროს წარმომადგენელი შედის. უწყებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე კომისიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება.
კომისიის წევრებად განისაზღვრნენ მინისტრის მოადგილეები შემდეგი უწყებებიდან:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
კულტურის სამინისტრო;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
ფინანსთა, იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და სპორტის სამინისტროები.
დებულების თანახმად, კომისია „მუდმივმოქმედი მექანიზმია“, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი ფუნქციებია:
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის სტრატეგიული დაგეგმვა;
სპეციალური კალენდრის შედგენა და ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ფინანსური და ორგანიზაციული საკითხების განხილვა და მთავრობისთვის რეკომენდაციების მიცემა;
ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
საინტერესოა დებულების მე-4 მუხლი, რომლის მიხედვითაც კომისიის თავმჯდომარეს საკმაოდ ფართო უფლებამოსილება ენიჭება. კერძოდ, მას შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ხმის უფლების მქონე წევრების შემადგენლობა კონკრეტული გამოფენის შინაარსიდან გამომდინარე.
კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ ჩატარდება, გადაწყვეტილებები კი ხმათა მარტივი უმრავლესობით მიიღება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი თავმჯდომარის ხმაა.
უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს. დადგენილება გამოქვეყნებისთანავე 27 მარტს ამოქმედდა.
