ივლისში ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა

საქსტატის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა.

ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. ასევე ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ფასების ცვლილება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5%), ზეთი და ცხიმი (17%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (9.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხილი და ყურძენი (8.2%ი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.5%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.1%).