ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა - ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო კომპანია ჩაიბარებს

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში.

რთველი 2025 სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც. კერძოდ, დაზიანებული ყურძნის შესყიდვა 20%-ით უფრო იაფად მოხდება, ვიდრე ხარისხიანი ყურძნის.

2024 წლის რთველში მთავრობამ 35 მილიონი ლარის სუბსიდია გასცა კერძო კომპანიებზე, რომლებიც შეიძენდნენ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს, კილოგრამს 1 ლარად. აღნიშნულმა კომპანიებმა თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამზე მთავრობისგან 20 თეთრის სუბსიდია მიიღეს. 2025 წლის რთველში სუბსიდიის გაცემის აღნიშნული მოდელი გამოყენებული აღარ იქნება.

"ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს.

1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.

საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.

რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.

2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.

ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2025 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 50 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მილიონ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.