საქსტატმა დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მლრდ 569 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7%-ით ($235.5 მილიონით) აღემატება.
აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლის ჭრილში 29.9%-ით, 1 მილიარდ 333 მლნ დოლარამდე იყო შემცირებული.
წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობის მიზეზად საქსტატს დასახელებული აქვს რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტება.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლიდან. ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
2024 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 85.8% შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში 54.4% იყო. პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 27.5 პროცენტით (431.1 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 14.7 პროცენტით (230.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - მალტა 12.2 პროცენტით (191.7 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება სექტორებს, 2024 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 60.2% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 579.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 36.9 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 183.6 მლნ. აშშ დოლარით (11.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 182.0 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი)