Google-ს Chrome-ის საძიებო სისტემის გაყიდვა აღარ მოუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ Google-ის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კომპანიას მისცა საშუალება, შეინარჩუნოს Chrome-ის საძიებო სისტემა.

მართალია, Google-ი მონოპოლიასთან დაკავშირებულ ბრალდებაში გამტყუნდა, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ Chrome-ის გაყიდვა ახლა გაცილებით საზიანო შედეგს მოიტანდა და საძიებო სისტემის მილიარდობით მომხმარებელს დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა.

Google-ს Chrome-ის გაყიდვა აღარ მოუწევს, თუმცა, მოსამართლის განჩინებით, ვალდებული იქნება, შეწყვიტოს საკუთარი პროდუქტების, Google Assistant-ისა და Gemini-ს კონკურენტებზე უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება. ასევე, Google-ს მოუწევს, Opera-სა და სხვა მსგავს კომპანიებს მომხმარებლების მიერ საძიებო სისტემის გამოყენებისას მიღებული მონაცემები ნაწილობრივ გაუზიაროს. მოსამართლე თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება Google-ის მონოპოლიას საგრძნობლად შეამცირებს.

იმის მიუხედავად, რომ Google-ი Chrome-ის გაყიდვას გადარჩა, კომპანია დადგენილებით კმაყოფილი ბოლომდე მაინც არ არის და ფედერალური სასამართლოს ზედა პალატაში გასაჩივრებისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, კომპანიას არ სურს მოსამართლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინება. საქმის ზედა პალატაში გადატანა იუსტიციის დეპარტამენტსაც სურს. მერიკ გარლანდის უწყება თვლის, რომ ფედერალურმა მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ეს Google-ის მონოპოლიას არ შეამცირებს.

სასამართლოს დადგენილებას გამოხმაურება ბირჟაზეც მოჰყვა. Google-ის აქციები ერთბაშად 7.2%-ით გაიზარდა. 3 სექტემბრის მონაცემებით კი ზრდა 8%-ია.