არ მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთობლივად გადავჭრათ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში - რუტე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 116
არ მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად გადავჭრათ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ში, რონალდ რეიგანის ინსტიტუტში განაცხადა.
მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პოლიტიკური გადაწვეტილების მიღება შესაძლებელი იყოს. არ მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად გადავჭრათ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში. არ მგონია, რომ ეს პოლიტიკურად მოხდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლიანი შეფასება. რაც შეეხება უკრაინის შესაძლებლობებს, ჩვენ გვაქვს JATEC (ნატო-უკრაინის ერთობლივი ანალიზის, წვრთნისა და განათლების ცენტრი) პოლონეთში, სადაც ერთად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა რუტემ.
ამასთან, რუტეს თქმით, მიმდინარე ომში რუსეთს უზარმაზარი დანაკარგი აქვს, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს, ამავდროულად უკრაინელები საკუთარ ქვეყანას მტკიცედ იცავენ.
„რუსეთი ყოველთვიურად უამრავ ადამიანს კარგავს, ერთ თვეში, 30 000-დან 35 000-მდე ადამიანი იღუპება ან მძიმედ არის დაჭრილი. წარმოგიდგენიათ? ვგულისხმობ, რომ საბჭოთა კავშირმა 1980-იან წლებში ავღანეთში 10 წელიწადში 20 000-ზე ნაკლები ჯარისკაცი დაკარგა და ახლა სამ კვირაში იმავე რაოდენობას კარგავენ. ეს მასშტაბურია და ამან როგორმე მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე უნდა მიაღწიოს. ასე რომ, ეს რუსეთზე გავლენას მოახდენს. უკრაინელები მტკიცედ იცავენ თავს და იყენებენ უახლეს ტექნოლოგიას, ეს მათ უზარმაზარ ძალას ანიჭებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
როგორც რუტემ აღნიშნა, დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლები ომის დასრულებაზე აქტიურად მუშაობენ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება“ და აუცილებელია ომის დასრულებაზე ვლადიმერ პუტინიც იყოს თანახმა.
No article in the selected categories
