აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა აამოქმედა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა ოფიციალურად ამოქმედდა. შეზღუდვები ვრცელდება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე არაბეთის ზღვის აკვატორიაზე.

ამერიკულმა მხარემ უკვე გააფრთხილა საერთაშორისო ნაოსნობის მონაწილეები, რომ ბლოკადა შეეხება ყველა ხომალდს, მათი დროშისა და წარმოშობის ქვეყნის მიუხედავად.

„ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე ბლოკადის ზონაში შევა ან გამოვა, ჩაჭრას, გადამისამართებას ან დაკავებას ექვემდებარება“, - ნათქვამია CENTCOM-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ცენტრალური სარდლობა აზუსტებს, რომ შეზღუდვები არ შეეხება ტრანზიტულ ნავიგაციას. კერძოდ, CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ გადაადგილებას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან ტოვებენ მათ.

ჰორმუზის სრუტე და მიმდებარე ყურეები მსოფლიო ენერგომომარაგების ერთ-ერთი მთავარი არტერიაა. აშშ-ის მიერ ბლოკადის ამოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონში სამხედრო ესკალაციის რისკებს და პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ბაზარზე.