საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, „2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ“.
„დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას. ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ანუ საკითხები არის დაყენებული, რაც არ არის უბრალო საქმე ისტორიისთვის და შემდეგ თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად იკვლიოს, ძალიან კარგი იქნებოდა. აქაც მეცნიერების და ისტორიკოსების როლი იქნებოდა გადამწყვეტი, რადგან თქვენ იცით და ასევე დასკვნაში წერია, 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები, რომ მთლიანად დისბალანსი მოხდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ და ძალაუფლება მან ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი დასკვნაში არის და მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო. ასევე, ფაქტებზე დაფუძნებით ნათქვამია, მათ შორის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ცესკო-მ, რომელსაც მაშინ ბატონი ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ 2 კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. თქვენ ალბათ არც კი გინდათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს რომ ეს რომელიმე ჩვენგანს გაებედა ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ასევე წერია, რომ ცესკო-ს ასეთი თავმჯდომარე ჭიაბერაშვილი, მანამდე „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე პირი იყო, ვინაიდან „ისფედს“ ხელმძღვანელობდა და სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად დაიწყო რევოლუციური და გადატრიალების პროცესები.
ასევე, ჩვენ მოვუსმინეთ – მინდა, მის ხსოვნას პატივი მივაგო – ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, რომელმაც ისაუბრა სწორედ 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებზე. არის საკითხები დაყენებული, მოხსენიებულია, მაგრამ ბოლომდე ნაკვლევი ვერ იქნებოდა, რადგან სცილდებოდა ჩვენი უფლებამოსილების და ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებს, თუმცა გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა.
„საგამოძიებო კომისიამ იმ მრავალი საქმის განხილვის შედეგად, რომელიც თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაშია მოცემული, ასევე დაადგინა, რომ დაუსჯელობის სინდრომი იყო გამეფებული და მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ სამართალდამცავ სტრუქტურებს ძალადობის განხორციელებისას. ამიტომაც, ძალადობა მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამას მოწმობს ისიც, რომ, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც წინამდებარე დასკვნაშია მოყვანილი, მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად სჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა.
მოცემულ პირთა გვარ-სახელები და მათთვის გადაცემული ჯილდოების ნუსხები მოცემულია თქვენ წინაშე წარმოდგენილ დასკვნაში და საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ უნდა ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, სხვა შესაბამისი ორგანოების ხელშეწყობით, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა, განსაკუთრებით კი, იმ პირების შემთხვევაში, რომელთაც ადამიანის წინააღმდეგ დანაშაული აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
2012-2025 წლებში სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია.
„საგამოძიებო კომისიამ მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილა და შეაფასა ყველა ის ძირითადი ფაქტი და ინფორმაცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე დესტრუქციული ოპოზიციის – მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საქმიანობას ეხება. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა კომპეტენტურ პირებს, რომლებსაც ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ და შეაფასა მის ხელთ არსებული არაერთი ინფორმაცია. წინამდებარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტები მხოლოდ ნაწილია იმ მოვლენებისა, რომლებიც საქართველოში 2012-2025 წლებში განვითარდა. თუმცა ისინი საკმარის საფუძველს იძლევა დასაბუთებული დასკვნისთვის, რომ 2012 წლიდან დღემდე მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების დესტრუქციული საქმიანობის ფონზე საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერ ჩამოყალიბდა.
2012-2025 წლებში სახელმწიფოს მუდმივად უწევდა ისეთ გამოწვევასთან გამკლავება, როგორიც იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მრავალჯერადი მცდელობა, რომლის ძირითად შემსრულებლად დესტრუქციული ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გვევლინებოდნენ. ამის გამო 2012 წლიდან დღემდე საქართველოს არ მისცემია არცერთი პოლიტიკურად მშვიდი წელიწადი. დესტრუქციულმა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა თითქმის სრულად დაიკავა ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რამაც მიუკერძოებელი სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება შეაფერხა ან შეუძლებლად აქცია. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2022 წლის თებერვლიდან სახელმწიფოს მოუწია ძალზედ მტკივნეული პროცესების დაძლევა და საქართველოს ომში ჩათრევის განუწყვეტელი მცდელობების მოგერიება“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, „მის ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციებზე დაყრდნობით, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, როგორებიცაა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციასა და კოალიციურ მმართველობაში მყოფი „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის““.
„საგამოძიებო კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერცერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას. პირიქით, მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა 2019 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, – ამის შესახებ ნათქვამია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.
დასკვნის თანახმად, ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, და რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წლის ივლისამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის მანძილზე ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.
„ასევე ყურადღებას საჭიროებს დავით ქაცარავას („ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) როლიც, რომლის საქმიანობასაც მოცემულ გეოგრაფიულ არეალში არაერთი პროვოკაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ინციდენტები უკავშირდება (სოფ. ჩორჩანა, ატოცი, აბანო)“, – აღნიშნულია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.