საქართველოს EU-ში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს - „ევრობარომეტრი"

„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 46% უჭერს მხარს, წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით, ხოლო 43% წინააღმდეგია.

საქართველოს მხარდაჭერის ყველაზე მაღალი დონე შვედეთში (71%), ლიეტუვაში (62%), დანიასა და ლატვიაში (ორივე 61%) დაფიქსირდა.

ყველაზე დაბალი მხარდაჭერა საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ჩეხეთში, ავსტრიაში (ორივე 29%) და საფრანგეთშია (36%).

ეროვნულ დონეზე ანალიზი აჩვენებს, რომ 17 წევრ სახელმწიფოში გამოკითხულთა სულ მცირე 50% უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

აღსანიშნავია, რომ 27 წევრი სახელმწიფოდან არცერთში რესპონდენტებმა საქართველო, კოსოვო და თურქეთი არ შეარჩია ევროკავშირის ყველაზე სასურველ პოტენციურ ახალ წევრებად.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სხვადასხვა კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის განსხვავებულია, უკრაინა ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მის გაწევრიანებას გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს, ხოლო 41% წინააღმდეგია. უკრაინას მოსდევს მონტენეგრო 51%-იანი მხარდაჭერით 38%-ის წინააღმდეგ.

რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყნებში მოსახლეობის განწყობებს, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის 2025 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი (74%) მხარს დაუჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას და მხოლოდ ხუთი პროცენტი მის წინააღმდეგ იქნებოდა, თუ რეფერენდუმი ამ კვირაში ჩატარდებოდა, ხოლო გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე უარყოფითს.