არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მდინარაძეს თანამდებობაზე მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის მოძალადე აჩრდილები და ჯალათები, თავად მდინარაძე არის მერაბიშვილი-ადეიშვილის სისტემის პირმშო, ამ სისტემაში გამოჩეკილი „მილიციელი“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილეებთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე განცხადებით, ეს „სიბინძურე ქვეყანაში 4 ოქტომბერს უნდა დასრულდეს“.
„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მდინარაძეს თანამდებობაზე მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქის მოძალადე აჩრდილები და ჯალათები. თავად მდინარაძე არის მერაბიშვილი-ადეიშვილის სისტემის პირმშო, ამ სისტემაში გამოჩეკილი „მილიციელი“. შესაბამისად, ვერაფერს ვხედავ იმაში გასაკვირს, რომ ის გარშემო იკრებს იმ ადამიანებს, რომლებიც არათუ ამ უკანასკნელ წლებში, არამედ 2007-2009 წლებიდან არიან ცნობილები, როგორც დამრბევები, მწამებლები, მოძალადეები. ამ ადამიანს „ქართული ოცნება“ აწინაურებს და ნიშნავს სუს-ის უფროსის მოადგილედ. ეს არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ ციკლისა, რომელსაც გივი მიქანაძის, ბექა ოდიშარიასა და სხვების - ამ პორტირებული მედროვეების სახელი აქვს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის დანაშაულებში იყვნენ მხილებულები. თუმცა დალაგდნენ „ოცნების“ წიაღში და ახლა აღმოცენდნენ თავიდან, როგორც მაღალი თანამდებობის პირები. ეს სიბინძურე უნდა დასრულდეს ქვეყანაში 4 ოქტომბერს არჩევნებითა და დიდი წინააღმდეგობით, მათ შორის“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს.
უწყების ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.