შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას.
„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. იგივე ხდებოდა აშშ-ში წინა ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ აშშ საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვეუბნებით - დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაჯდომას და ლაპარაკს - ბუნებრივია, არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა და ამიტომ არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა.
„გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად. ეს არის ჩემი დაპირება. ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება, მაგალითად სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, ასევე თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას, თუ უსარგებლო კანონია. ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს Deep State-ის და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“. „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ „გამჭვირვალობის კანონს“, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, ეს არის გამჭვირვალობა“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებისგან პირდაპირ ღია განცხადებები ისმოდა, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი.
„ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშიშროების სამჭოს მდივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ა.შ. ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას. როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფროონტი, გახსოვთ, რა მოაყოლეს ამ ყველაფერს.
ასევე მინდა შეგახსენოთ, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქციებზე მდგომი „ენჯეოების“ წარმომადგენლებიც ჩვეულებრივად არიან არქიფოს მრევლი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორად თვითონ არიან „ორკების“ შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ენჯეოებთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგანაც დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ „ნაცი ტიტუშკები“ და „ნაცი ორკები“, სწორედ ასეთია ამ „ენჯეოების“ სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,“- განაცხადა პრემიერმა.