"საზოგადოების განწყობა ოპოზიციის მიმართ არის უმძიმესი, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში" - პრემიერი

ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი და ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება და კვლევის თანახმად, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა.

 

„ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ არის უმძიმესი. ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა - 64 64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი, ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევის თანახმად, ჩვენ არათუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა.

„ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, პარტიებიც კი არ არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურებიც კი არ აქვთ, აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ის, რომ მერობის კანდიდატი ერთი კაციც ვერ შეარჩიეს. არის 28 მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები. ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური აგენტურული დაჯგუფებები, შესაბამისად, მათ არ აქვთ საზოგადოებაში არავითარი მხარდაჭერა და ამის გამოხატულებაა ის, რომ 28 შემთხვევაში ორმა პარტიამ ერთად ერთი კანდიდატიც კი ვერ იპოვა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ ეუთო/ოდირის მისია დაკომპლექტებულიყო.

 

„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადების ამოწურვას. ამის შემდეგ გაიგზავნა ეუთო/ოდირში მოწვევა. ვფიქრობ, ერთ თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისათვის, რომ დაკომპლექტებულიყო მისია. ამას დღეები სჭირდება რეალურად. ზედმეტი ბიუროკრატია ევროპას ვნებს, მაგრამ ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რომ ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთო/ოდირისთვის, თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა. ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონი დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის მიმართ უნდა მოქმედებდეს.

 

„მუხლი ითვალისწინებს, რომ 150 ლარის ზევით ზარალის შემთხვევაში გათვალისწინებულია 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სასამართლო ითვალისწინებს მათ შორის ფასსაც და ყველაფერს. შესაბამისად, თქვენ რომ ამბობთ, რომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება ამ ადამიანს, ეს არის ცარიელი, მარტივი სპეკულაცია,“- აღნიშნა პრემიერმა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.

„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია.  სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარზე  მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. 
დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, აქციების მონაწილე „ენჯეოები“ ამ რადიკალიზმის განუყოფელი ნაწილია.

 

„აქციების მონაწილე „ენჯეოები“ არიან განუყოფელი ნაწილი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც ვხედავთ. ისინი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები და ღიად არიან ჩართულები ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაში, რაც არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა მათაც ძალიან მწირი რესურსი აქვთ,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ დაკავებული იქნა ერთი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა.

 

„არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ შტაბი მივიდა ნაც ტიტუშკებთან. ჩვენი შტაბი ადგა, წამოდგა ფეხზე და მივიდა ნაც ტიტუშკებთან. სინამდვილეში ნაცი ტიტუშკები მივიდნენ ჩვენს საარჩევნო შტაბთან, იგინებოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, უბინძურესი სიტყვებით საუბრობდნენ. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები და ამ კომპლექსებს ანთხევდნენ ამ ბილწსიტყვაობით. ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი. გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული. შესაბამისად, არა მარტო ვგმობთ, არამედ, ზომებსაც იღებს ხელისუფლება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ვითარდება და გარე დაკვეთით მოქმედი პირები მიზანს ვერ მიაღწევენ.

 

„ეკონომიკა ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, ჩვენი ქალაქი, სოფლები ვითარდება, მაგრამ გარე დაკვეთის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას რამენაირად მცირე შეფერხება მაინც შეუქმნან, რასაც ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა პრემიერმა.