დიდი ბრიტანეთი და ეუთო-ს 36 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ღია იყოს ინკლუზიური დიალოგისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
„ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები საქართველოში ჩატარდება მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში“.
კრიტიკის საგანია ასევე ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად არ გაუგზავნა მოწვევა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნების დასაკვირვებლად.
„გრძელდება მოქალაქეების, ოპოზიციონერების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებულად გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეუთო-ს ქვეყნები გმობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. დასავლური ქვეყნების განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები არღვევს სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისა და, ასევე, ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, დასავლელი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ ღია არიან თანამშრომლობისთვის და უცვლელად რჩებიან ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.