დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საარჩევნო კამპანიების დროს ბანერებისა და სააგიტაციო მასალების დაზიანებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზედმეტად რბილი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული ამ მიმართულებით და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.
„იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში. ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება – ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული, არასწორი. დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი – ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით, გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში ექვსი ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა. იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემურ წიქვაძის განცხადებას კომენტირებისას აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.
„ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერცერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
150 ლარს როდესაც აღემატება ზიანი, პროკურატურა ვალდებულია, აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ამ შემთხვევაში, ზიანი იყო 150 ლარზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს ხუთ წლამდე პატიმრობას, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, შეეფარდოს 6 თვე, შესაძლოა, საერთოდ არ შეეფარდოს პატიმრობა.
„ეს ადამიანი არის რადიკალი, ვითომ ანტირუსი და სინამდვილეში, ყოველთვე ერიცხება მილიონობით რუბლი რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ნამდვილად არ უჭირს საკუთარი შეფასებების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამართალდამცველებმა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.