სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე - კობახიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის მუშაობის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე.

„შეიძლება, საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი, შეიძლება, სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როცა დაადგინა გარემოებები, მაშინვე მიმართა პროკურატურას. ოხანაშვილის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე. მის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება. კორუფციასთან ბრძოლა არის მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი მთავარი მისია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა მიმართულებით იქნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში.

„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ნარკომანებს, „ნაცებს“, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.