იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც შრომის ბაზარზე შესასვლელად უმაღლესი განათლება სჭირდებათ, არის 64 095 - კობახიძე

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდება და, სწორედ, ამიტომ ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნასა და უმაღლესი განათლების სისტემის მიერ გამოშვებულ სტუდენტებს შორის დისბალანსი ფიქსირდება.

 

„კვლევაში წარმოდგენილია მონაცემები, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რომელია დეფიციტით გამორჩეული მიმართულებები. აშკარად ჩანს, რომ პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, სადაც გვყავს ნაკლები სტუდენტი, ვიდრე არის შრომის ბაზრის მოთხოვნა. საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში არის უმეტეს შემთხვევებში დაფიქსირებული დეფიციტი, ეს ეხება მშენებლობას, ანუ გვჭირდება იმაზე მეტი მშენებელი, ვიდრე, დღეს, უმაღლესი განათლების სისტემა აწვდის შრომის ბაზარს. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ამ მიმართულებებითაც არის ნაკლებობა. საექთნო და სამეანო საქმე, სოციალური მუშაობა, ეს არის ის სფეროები, სადაც მკვეთრი დეფიციტი ფიქსირდება მიწოდების კუთხით.

რაც შეეხება სიჭარბის მაგალითებს, სამართალი უკვე ვახსენე, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე, ანალოგიურად - ეკონომიკაშიც გვაქვს სიჭარბე, რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირებას, აქ, რეალურად, დაბალანსებულია მონაცემები, თუმცა აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმის გამო, რომ კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის დონე არ არის საკმარისად მაღალი, რეალურად, შრომის ბაზარზე მაინც ფიქსირდება მკვეთრი დეფიციტი. აქ არის თავსებადობა რიცხვებს შორის, ანუ რამდენსაც უშვებს უმაღლესი განათლების სისტემა, იმდენზე არის მოთხოვნა შრომის ბაზარზე, თუმცა კვალიფიკაციის პრობლემის გამო, რეალურად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის დეფიციტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც შრომის ბაზარზე.

სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები - აქაც ფიქსირდება ძალიან მკვეთრი დისბალანსი. არის მოთხოვნადი სპეციალობა, ძალიან ბევრი ამთავრებს, თუმცა შრომის ბაზარზე არის დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები მოთხოვნა, ვიდრე გვყავს კურსდამთავრებულები სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. იგივე ეხება უცხო ენებს, სადაც არის მკვეთრი სიჭარბე,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ეტაპობრივად მოხდება. 

 

„თუ ჩვენ მკაცრად გავყვებით დღევანდელ რეალობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მაჩვენებელი არის 14 400, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც კვოტები გადანაწილდა, ჩვენ გავთალეთ 5-წლიანი პერსპექტივა და ასევე მხედველობაში მივიღეთ დღეს არსებული გარემოებები. მაგალითად, სამართლის შემთხვევაში რომ ავიღოთ 3 600 აბარებს, მოთხოვნა არის დაახლოებით 700 იურისტზე, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ არ შეიძლება, ამას ანგარიში არ გავუწიოთ, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად ჩამოვიდეთ ამ 700-იან მაჩვენებელზე არა მკვეთრად, იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ მკვეთრი წინააღმდეგობა აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად გადასვლა ოპტიმალურ მაჩვენებლებზე, შესაბამისად, 3 600-დან ჩამოვდივართ არა მკვეთრად 700-ზე, არამედ ჩამოვდივართ 1500-ზე და შემდეგ ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი უკვე შესაბამისი მონაცემების დაბალანსება. არის შემთხვევები, სადაც მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე დღეს არის ჩარიცხულთა რაოდენობა, თუმცა არის სხვა კუთხით პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად არის შესაბამისი მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ ეტაპობრივად, წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩარიცხულთა რაოდენობა ოპტიმალურ მაჩვენებლამდე. 

 

ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ საჭიროა წესით 14 400 სტუდენტის ჩარიცხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობდი, საბოლოო ჯამში 21 300 სტუდენტზე გამოცხადდება მიღება, შესაბამისად 50 პროცენტით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა ჩვენ შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.
„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იყო განსხვავებული იმით, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად 2 დამსაქმებელი - კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო და მინდა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი“, -  განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  მთლიანობაში, ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.
„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო  და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49%  არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე - უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში. ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე  განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში. ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებელ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი პრობლემა, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა არის ის, რომ დღეს ვინც არის დასაქმებული, იმათ მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი საკუთარ სამუშაო ადგილზე.

 

„რეალურად ეს ადამიანები, 40 პროცენტი საჭიროებს პროფესიულ განათლებას, ამიტომ შესაბამისი მიმართულებით არის დასაქმებული. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში იყო სერიოზული პრობლემები პროფესიული განათლების მიმართულებით. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ პროფესიული განათლება დაიხვეწოს ქვეყანაში და ამაღლდეს შესაბამისი ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად, განვიხილოთ ამ კვლევის დეტალები თუ არის შეკითხვები, მზად ვართ, ვუპასუხოთ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გადაუდებელი იყო ამ ანალიზის ჩატარება იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი აბიტურიენტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ინტერესები და სწორი მიმართულება მივცეთ მათ საკუთარი პროფესიული გზის არჩევისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით.

 

„შედეგები არის ძალიან შემაშფოთებელი. იმთავითვე იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის.  მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე. ჩვენ შევისწავლეთ სამუშაო ძალაზე 5-წლიანი მოთხოვნა, პროფესიული ჯგუფების მიხედვით. 5-წლიან პერსპექტივაში შეფასდა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შესწავლილ იქნა Cambridge Econometrics-ის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული შრომის ბაზრის პროგნოზირების მოდელით და სხვა მაკროეკონომიკური მოდელებით. ამ მოდელებში გათვალისწინებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ვაზიანის აეროპორტი და ა.შ. ყოვლისმომცველი კვლევა განხორციელდა.

ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში. იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს, აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, 21 779-ის საჯარო სექტორში. აქ იგულისხმება მათ შორის ჩანაცვლების მოსალოდნელი მაჩვენებელიც“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მოთხოვნად პროფესიებშია საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები.

 

 

„მოთხოვნად პროფესიულ ჯგუფებში უმაღლესი განათლების საჭიროებას რაც შეეხება, აქ ლიდერობს კონკრეტული პროფესიები. ეს არის საშუალო სკოლის მასწავლებლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერები, ექთნები, ექიმები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტრიკოსები, მომარაგებისა და დისტრიბუციის მენეჯერები. კვლევამ დაადგინა, რომ ამ კონკრეტულ პროფესიებზე არის ყველაზე დიდი მოთხოვნა შრომის ბაზარზე.

 

არის სპეციალობები, სადაც გამოვლინდა სიჭარბე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამართლის მიმართულება, აქ ჩარიცხვების საშუალო წლიური რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში იყო 3598. საშუალოდ, წლიურად ირიცხებოდა სამართლის ფაკულტეტებზე. კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 2047-ს. ესეც შემაშფოთებელი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად გაუმჯობესება. როდესაც კურსდამთავრებულთა მაჩვენებელი ჩარიცხვასთან შედარებით 40%-ია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული გამოწვევები უმაღლესი განათლების სფეროში. ამ კუთხით გამონაკლისი არ არის არც სამართლის მიმართულება.

რაც შეეხება მოთხოვნას, კვლევამ გამოავლინა, რომ წელიწადში, საშუალოდ გვჭირდება 678 იურისტი შრომის ბაზარზე, მაშინ, როცა 3600 იურისტი აბარებს იურიდიულზე და ამთავრებს 2050. ეს მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება. ჩვენ პრაქტიკულად ვწირავდით სტუდენტებს იმისათვის, რომ ისინი მიიღებდნენ უმაღლესი განათლების დიპლომს და ვერასოდეს შეძლებდნენ საკუთარი დიპლომის შესაბამისად დასაქმებას, რაც ბუნებრივია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამის თავიდან არიდება სახელწიფოს პასუხისმგებლობაა და ამ მიზანს ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.