საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
აღინიშნა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ვაჭრობის სფეროში არსებულ დადებით დინამიკას. აღინიშნა თურქმენეთისა და საქართველოს პარტნიორობა სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკის სექტორებში.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა „შუა დერეფნის“ განვითარებაში.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამმედოვი და საქართველოს ელჩი თურქმენეთში
კონსტანტინე საბიაშვილი ესწრებოდნენ.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერების გზები.
„განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოების გზები სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
