"2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად" - პრემიერი

მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
 

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია და აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი გარშემო მიმდინარე რთული მოვლენების ფონზე.

 

„საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და, დღეს, ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. არაერთი კონფლიქტია ჩვენს გარშემო, ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, მომავალში კიდევ უფრო შეუძლია ქვეყანას ამ როლის გაძლიერება. ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე, ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისიძება და ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. მათ შორის, დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის  თქმით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.

 

„საქართველო ათამდე ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან, დასავლეთთან აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამის ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობის გაშლა. მონაწილეობა მივიღეთ პლენარულ სხდომაზე. გვქონდა გამოსვლის შესაძლებლობა და ასევე ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ასევე შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც საინტერესო საუბარი შედგა სხვადასხვა ტემაზე. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის  თქმით, ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე.

„ოპოზიციას ძალიან ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არც ერთმა არ უშველა, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. მთავარია საზოგადოების შეფასება. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ან იგივე, მეგობარ აქტში არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვრცელდებოდა  კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მეგობარ აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ, იმას, თუ რამდენად არის ასახული ამ დოკუმენტებში სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად აქცევს, რომელიც აერთიანებს კონტინენტებს  და  აკავშირებს ბაზრებს.

 

„ჩემთვის დიდი პატივია გაეროს მესამე კონფერენციას „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის“ მივმართო საქართველოს სახელით, რომელმაც შეძლო და შეზღუდვად-აღქმული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობად აქცია რეგიონული დაკავშირებადობისა და გლობალური ვაჭრობის განვითარებისთვის.

ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ  ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.

ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული ბიზნესისთვის საქართველო ყველაზე მოკლე სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისკენ, არამედ ცენტრალური აზიისა და უფრო ფართო აღმოსავლური ბაზრებისკენ.

 

„ჩვენი აღმოსავლელი, სახმელეთო მეზობელი ქვეყნებისათვის საქართველო გეოგრაფიულად და ეკონომიკურად ევროპის კარიბჭეა. თუმცა, მხოლოდ კარიბჭეობა საკმარისი არ არის, საჭიროა, რომ ეს კარიბჭე ეფექტიანი იყოს. სატრანზიტო ოპერაციების ეფექტიანობა მოითხოვს გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანს, სტრატეგიულ ინვესტიციებსა და მომსახურების მაღალი ხარისხისადმი ერთგულებას. სწორედ ამ გზას ადგას საქართველო უკვე ათწლეულზე მეტია და შედეგებიც ამას ადასტურებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე განვითარება შეწყვიტა, არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია.

„კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, ყველა რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს, არის სრულიად არაჯანსაღი ულტიმატუმი. 

„ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით. დღეს თუ, თეორიულად, დავთმობთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ კონკრეტული ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, ასევე სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირქსესიანთა წყვილის მიერ არასრულწლოვანის  შვილად აყვანას და ა.შ. მომავალში ასეთ რამ შეიძლება მოითხოვონ. ამას ვამბობდით წინასწარ და პრაქტიკულად, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც აღნიშნა, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ხვალ ასეთი მოთხოვნებიც შეიძლება დაგვიყენონ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საამაყოა, რომ გლობალურ ლიდერებად მიიჩნევენ საქართველოს რეგულირების ხარისხით, საჯარო სერვისების ეფექტიანობითა და ოპერატიულობით.

 

„მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში — მხოლოდ 9.9 პროცენტიანი განაკვეთით. გარდა ამისა, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის ინდექსში. ჩვენ შევქმენით ბიზნესგარემო, რომელიც თავისუფალია კორუფციისგან, ტექნოლოგიურად განვითარებულია და სანდოა კორპორატიული მართვის  თვალსაზრისით.

 

მრავალფუნქციურ და მრავალმიმართულებიან ჰაბად ქცევის ჩვენეული ხედვა მხარდაჭერილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც განაპირობებენ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის ზრდას. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მშრალი პორტები — ყველა ეს პროექტი აძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ როლს აზიასა და ევროპას შორის მდებარე შუა დერეფანში. ეს ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ საქართველოს — არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს, რათა გაიხსნას ბაზრები, შემცირდეს სატრანზიტო ხარჯები და ჩვენი ეკონომიკები ინტეგრირდეს გლობალურ სისტემაში.

მოლაპარაკებების წარმოება დასჭირდებოდათ სხვა შემთხვევაში“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მიზანია, იყოს მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი — კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი.

 

„საქართველოს ხედვა არის ნათელი: არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ — ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი — კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი. ჰაბი, რომელიც დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ეს გულისხმობს შესაძლებლობების განვითარებას სასაწყობო მეურნეობებში, გადამამუშავებელ საწარმოებში, ამწყობ საამქრეობსა და  რეალიზაციის ქსელში, რაც საქართველოს უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან აქცევს რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვის განუყოფელ ნაწილად.

 

ეს მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფს ხელშესახებ სარგებელს ზღვაზე გასასვლელის არმქონე პარტნიორებისთვის — ეს არის ურთიერთმომგებიანი მოდელი, სადაც ეფექტიანობის ზრდა სარგებელს აძლევს რეგიონული ვაჭრობის ეკოსისტემის ყველა მონაწილეს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.

 

„ძვირფასო დელეგატებო, საქართველო არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკური ციკლის აქტიური მონაწილე. ჩვენი სტრატეგიული მიდგომა სატრანზიტო და სავაჭრო სფეროში ქმნის მდგრად და პროგნოზირებად გარემოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის.

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და აფართოებს მიწოდების ჯაჭვის გლობალურ მდგრადობას. ეს არის ჩვენი წვლილი საერთაშორისო საზოგადოების განვითარებაში, ეს არის ვალდებულება ვიყოთ იმ გამოწვევების დაძლევის საშუალება, რასაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები ეჭიდებიან.

დასასრულს, გიდასტურებთ საქართველოს ურყევ ერთგულებას ვიყოთ  პარტნიორი, შესაძლებლობა და საშუალება ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. პარტნიორებს მოვუწოდებთ თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კავშირების გაფართოვებისკენ და საერთო გეოგრაფიული გამოწვევების გარდაქმნისკენ რეგიონული კეთილდღეობის ლოკომოტივებად“, - განაცხადა პრემიერმა.